ცეზარ ჩოჩელი: ქვეყანაში უნდა იყოს იდეოლოგია, რომ რაც ძლიერი იქნება ბიზნესი, მით მაღალი იქნება ცხოვრების დონე

ცეზარ ჩოჩელი: ქვეყანაში უნდა იყოს იდეოლოგია, რომ რაც ძლიერი იქნება ბიზნესი, მით მაღალი იქნება ცხოვრების დონე

person access_time2016-07-01 15:30:52

ინტერვიუ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან


- საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ თავდაპირველად ხელისუფლებამ საკუთარ პრიორიტეტად ჯანდაცვა აირჩია და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სამომავლოდ ბიუჯეტის პროპორციები უნდა შეიცვალოს. ეთანხმებით ამ მიდგომას?


- ვთვლი, რომ ჯანდაცვაში დაზღვევის მიმართულებით აქცენტები ნამდვილად უნდა შეიცვალოს. ფაქტობრივად გამოდის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ორმაგ დაზღვევას ექვემდებარება, ანუ, სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევითაც და კერძო დაზღვევითაც. ეს კი ჩემი აზრით, არასწორია. ამ შემთხვევაში რეფორმაა ჩასატარებელი. ვისაც უფრო სჭირდება, სჯობს მათი პაკეტები გაიზარდოს, დასაქმებული ხომ ისედაც იღებს დაზღვევას.


- ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქლმავალი ვერ გახდება და ასეთი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების რიგში ვერ ჩადგება. ამაზე რას ფიქრობთ?


- ჩემი შეხედულებით, ქვეყანაში ეკონომიკის სამი მიმართულებაა გასავითარებელი. ესენია: ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა,სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი წარმოება. ამ სამი კომპონენტის გარეშე ეკონომიკა ვერ შედგება. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს და არ მგონია, რომ ამ მიმართულებით რამე შეცვლილიყო.


- ანუ პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლის მეურნეობა?


- დიახ და მე რამდენადაც ვიცი, არის კიდეც.


- ითქვა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს.


- განათლება ეს უპირველესია, მისი განვითარების გარეშე ქვეყნის წინ წასვლა წარმოუდგენელია. მუდმივად არის საუბრები, რომ არის უმუშევრობა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასევე არის მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი. შესაბამისად, პროფესიული თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვაქვს ჩავარდნა. ერთადერთი ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია ფინანსური მიმართულება. განსაკუთრებით ტექნიკური კადრების პრობლემაა. ქვეყნის ამოცანაა, რომ განათლება შედარებით მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ.


- რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ ეკონომიკურ პროგრამაში პრიორიტეტად რა უნდა გამოაცხადოს?



- ყველა გამოკითხვის მიხედვით, ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად დასაქმება სახელდება. შესაბამისად, ნებისმიერი პროგრამა და ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი უნდა მუშაობდეს იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდეს. შესაბამისად, პროგრამებიც ამ მიმართულებით უნდა იყოს.


- რა არის ქვეყანაში მთავარი, რისი შეცვლაც აუცილებელია?


- ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. შესაცვლელი ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება. იგივე საგადასახადო მიმართულებით არის ბევრი რამე შესაცვლელი, ასევე სასამართლო მიმართულებით. საგადასახადო დავები ძალიან ჭიანურდება. ეს აუცილებლად მოსაგვარებელი თემაა. უნდა იყოს განსაზღვრული ვადა, ესა თუ ის საკითხი რა ვადაშიც უნდა იხილებოდეს.


- საგადასახადო მიმართულებით შეცვლაში რას გულისხმობთ, განაკვეთების კუთხით შეღავათებს თუ ადმინისტრაცის გამარტივებას?


 -მათ შორის ადმინისტრირების გამარტივებასაც. ამ ეტაპზე მოგების გადასახადი რეინვესტირების შემთხვევაში საერთოდ უქმდება. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ დადებითად აისახება წარმოების განვითარებასა და ზოგადად ბიზნესზე. იგივე ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს მათი დღგ-სგან გათავისუფლება. საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც იქმნებოდა წარმოება, ამ დროს წარმოების ღირებულების თითქმის 20 პროცენტს წინასწარ იხდიდი სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სერიოზულ ტვირთად აწვებოდა წარმოებას და მის განვითარებას. ძირითადი საშუალებები უკვე საზღვარზევე იბეგრებოდა და სანამ დამონტაჟდებოდა და წარმოება ფეხზე დადგებოდა, მანამდე უკვე წარმოებას საკმაოდ დიდი ფული ჰქონდა ბიუჯეტში გადახდილი.


- ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით რომელ ხელისუფლებას თვლით უფრო აქტიურად?


- ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო ციფრებიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს რომ ან მაშინ კეთდებოდა მეტი ან ახლა, თუმცა, ციფრები სხვას აჩვენებდეს. ამიტომ, ასე ზეპირად საუბარი არ შეიძლება. ეს არის საბიუჯეტო თანხები, რომელიც შეგვიძლია კონკრეტულად ვნახოთ.


- ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს. ასეთი შედეგები დადო „საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ". ამის შემდეგ ისევ გააქტიურდა ტექდათვალირების თემა. თქვენი შეფასებით, რატომ ჭიანურდება ტექდათვალიერების შემოღება?


-ტექდათვალიერება გასაკეთებელია, თუმცა, ეს არ უნდა იყოს რაღაც ძალიან შელახული სახით, როგორც მანამდე არსებობდა. ადრე ფორმალობა იყო და ფულის კეთების საშუალება. დღეს ამ ფორმით აღარ უნდა იყოს.როდესაც თბილისი 10 დაბინძურებულ ქალაქს შორის სიაში შევიდა, უნდა დავფიქრდეთ,რომ ტექდათვალიერება აუცილებლად გასაკეთებელია. რაც შეეხება იმას, რომ ეს დაარტყამს თუ არა სოციალურ ფენას, ამაზე ვიტყვი, რომ ალბათ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს გარკვეული შეღავათები. თუმცა, თუ ადამიანს შეუძლია, რომ მანქანა ჰყავდეს და ყოველდღიურად 15-20 ლიტრს საწვავს ასხამდეს, ალბათ უნდა ჰქონდეს იმის საშუალებაც, რომ წელიწადში, 20 ლარი იქნება თუ 30 ლარი მანქანის ტექდათვალიერებაში გადაიხადოს.


დღეს თბილისში არ გაგვაჩნია იმ დონის წარმოებები და იმ დონის ინფრასტრუქტურა, რომ ასე დაბინძურებული ქალაქი გვქონდეს, ჰაერის კუთხით ვამბობ. შეიძლება მტკივნეულია, მაგრამ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ ნაბიჯები გადასადგმელი ნამდვილად აქვს.


- ტექდათვალიერების ამოქმედებაზე წინა ხელისუფლების დროსაც საუბრობდნენ, თუმცა მისი შემოღება არ მოხდა. ბევრს საუბრობენ ახლაც, თუმცა მისი რეალურად ამოქმედება მაინც ვერ ხდება. რატომ ვერ ბედავს ქვეყნის ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმას?


- სავარაუდოდ, ხელისუფლება ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მეორე, მუდმივად ვცხოვრობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე. შესაბამისად, ეს არაპოპულარული თემაა. თუმცა, არის საკითხები, როდესაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.


- 90-იან წლებში ბიზნესმენების, მდიდარი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ნეგატიური იყო. ახლა თუ შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ხელისუფლებაზე არის თუ არა ეს დამოკიდებული?


-ვერ გეტყვით ადრე როგორ იყო და ახლა როგორ არის, მგონია, რომ დამოკიდებულება იდენტურია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბიზნესი საკმაოდ მჭიდროდ უდგას მოსახლეობას სოციალური მიმართულებით გვერდში. შეძლებულიც და გაჭირვებულიც, ერთნაირად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ბიზნესი რაც შეიძლება მეტად განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ადგილი საიდან უნდა მოვიდეს, როდესაც ქვეყანაში აღარ გვაქვს სახელმწიფო საკუთრებები.თუ ბიზნესმა არ შექმნა ახალი საწარმო, არ შექმნა ახალი სამუშაო ადგილი, ისე დასაქმება ვერ გაიზრდება. შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იწვევს გარკვეული ქონების და კაპიტალის დაგროვებას მეორე მხრიდან. ეს ურთიერთკავშირშია, ამას ვერ გავექცევით. იდეოლოგია უნდა იყოს ისე, რომ რაც ძლიერი იქნება ბიზნესი, მით უფრო მაღალი იქნება ცხოვრების დონე.


- ეს იდეოლოგია არის საქართველოში?


- ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, თუმცა, მაინც სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მისი დამსაქმებელი რეალურად ბიზნესია. უბრალოდ ჩვენს მაგალითს მოგიყვანთ. კომპანია „ზედაზენი" 4 წელია შეიქმნა. ამ პერიოდში განხორციელდა 100 მილიონის ინვესტიცია. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე მიიღო დაახლოებით 10 მილიონის ფარგლებში შემოსავალი, დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ხელფასის სახით კი გაცემულია დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე. დამფუძნებლებს შემოსავლის სახით მიღებული აქვთ 4 წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარამდე. ახლა თქვენ გააკეთეთ ანალიზი, ვინ უფრო მეტი მოიგო.

 

- და ბოლოს, იქნებ სამომავლო პროექტების შესახებ გვითხრათ?


- წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი პროექტის დაწყება, საუბარია კონცენტრატების წარმოებაზე. „ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა. სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ამ პროექტის დაწყებასაც დავაანონსებთ. მომავალ თვეში კი, როგორც იცით, ბაზარზე წვენებს გამოვიტანთ.




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up