ქართულმა ავიაკომპანია Camex Airlines-მა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების ვალიდაცია წარმატებით გაიარა და უკვე შეუძლია მომხმარებლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში ტვირთის და ფოსტის მიწოდება უზრუნველყოს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ACC3 ვალიდაცია ჩაატარა ლატვიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უსაფრთხოების ვალიდატორმა, არმანდს კლოტინმა.
შეხვედრები გაიმართა Camex Airlines-ის წარმომადგენლებთან, ხოლო ადგილზე ვალიდაცია განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამტკიცებულ RA 3 სატვირთო აგენტებთან ვიზიტის დროს.
პროცესის შედეგად დადგინდა, რომ Camex Airlines ტვირთის უსაფრთხოების პროგრამა შეესაბამება ACC3 მოთხოვნებს და ტვირთის უსაფრთხოების კონტროლი ხორციელდება თბილისის აეროპორტში ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად.
გარდა ამისა, თბილისში ვიზიტისას განიხილეს ტვირთების უსაფრთხოების პროგრამის განვითარების ასპექტები, Camex Airlines-ის დაგეგმილი ზრდის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ Camex Airlines-ი მე-7 ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია მოიპოვა.
როგორც „კომერსანტს“ Camex Airlines-ში განუცხადეს, ამ დროისათვის კომპანია ერთი ბორტით ( Boeing 737-800 BCF) ოპერირებს და მომავალ წელს ავიაპარკის 3 საჰაერო ხომალდით ზრდას აპირებს.