დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრალდებებს პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრალდებებს პასუხობს

access_time2022-07-01 19:00:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბრალდებებს პასუხობს. 30 ივნისს გავრცელდა არასამთავრობო ორაგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ მოკვლევის შედეგი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ „დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (NCDC) 90 ათას ლარზე მეტი გადაუხადა საეჭვო ტენდერებში შემჩნეულ FCTC-ს, პანდემიის დროს დახურულ ობიექტებში თამბაქოს კანონის აღსრულების გაკონტროლებისთვის“. ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომელზეც არასამთავრობო ოორგანიზაცია ამახვილებ ყურადღებას.


ბრალდებებს დღეს განცხადებით უპასუხეს დავადებათა კონტროლის ცენტრში და განმარტეს, რომ „ცალკეულ პირთა წრეს არ მოსწონს ის მიღწევები, რაც საქართველომ თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით მოიპოვა. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები ცდილობენ ამ მიღწევების მოპოვებაში მონაწილე ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის დაბრკოლებების შექმნას და მათ ცილისწამებას“. 


როგორც კომერსანტს NCDC-ში განუცხადეს, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები სრულ თანხვედრაშია და ხელს უწყობს თამბაქოს მრავალკომპონენტიანი კანონმდებლობისა და პოლიტიკის  აღსრულების გაძლიერებას FCTC-ის მუხლებისა და აღსრულების გაიდლაინების შესაბამისად. 


„კომერსანტი“ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად,  თავიდან აცილებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 7 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1.2 მილიონი პასიური მწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და სიკვდილის ყოველი 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან; თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; იგი მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60% მსოფლიოში, 85% ევროპაში და 94% საქართველოში.


მწეველობა, პასიური მოწევა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით.



მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების ეკონომიკური დანახარჯი წელიწადში 1.4 ტრილიონ აშშ დოლარია, რაც მსოფლიო მშპ-ს 1.8%-ს შეადგენს. გაეროს განვითარების ფონდისა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი (327.3 მილიონი ლარი) და არაპირდაპირი (497.6 მილიონი ლარი) დანახარჯები 824.9 მილიონი ლარია, რაც წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოსთან ასოცირებული ნაადრევი სიკვდილიანობის არაპირდაპირი ხარჯი კი 104.1 მილიონი ლარია. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 ადამიანის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს.  


2017 წელს დამტკიცებული ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საქართველო გახდა რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. ძირითადი ცვლილებები შეეხო თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე, „დრაივ თამბაქოს“ აკრძალვას და ა.შ. 2020 წლიდან მოწევა აიკრძალა სტადიონებზე; ხოლო 2022 წლიდან ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება.


თამბაქოს კონტროლის მრავალკომპონენტიანი და მულტისექტორული სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვა და განვითარება 2013 წლიდან დაიწყო და გრძელდება. ახალი გამოწვევების საპასუხოდ შემუშავდა საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025 და სამოქმედო გეგმა. სტრატეგია მიზნად ისახავს წინა წლებში შემუშავებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების გამყარებას, გაძლიერებას, განგრძობით და მდგრად განხორციელებას. თამბაქოს კონტროლი არის მრავალკომპონენტიანი პოლიტიკური საკითხი და დასახული მიზნის - თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების მისაღწევად აუცილებელია უწყებათაშორის, ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის უწყვეტი პროცესის და თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის მდგრადი და მზარდი დაფინანსების უზრუნველყოფა.


თამბაქოს კონტროლის უწყებათაშორისი ღონისძიებების გატარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის სამდივნოს (2013 წლის 15 მარტის საქართველოს მთავრობის დადგენილება).


აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებით სვლით პირველი პოზიტიური შედეგები სახეზეა: ზრდასრულ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება შემცირდა 31%-დან (STEPS 2016) 28.2%-მდე (ტაქსებში მოწევის კვლევა, TTS 2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში კი თამბაქოს მოხმარება შემცირდა 18%-დან (ESPAD 2015) 11%-მდე (ESPAD 2019), ჩილიმის მოხმარება – 33%-დან 15%-მდე და E-სიგარეტის – 19%-დან 7%-მდე; მნიშვნელოვანდ შემცირებულია მეორადი კვამლის ზეგავლენა სახლში და სამსახურში. თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარების მაჩვენებლების კლებამ სერიოზული კლინიკური შედეგები გამოიღო - სახეზეა მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების, ბავშვებში ასთმის შეტევების და სხვა გამწვავებული კლინიკური მდგომარეობების შემთხვევათა მნიშვნელოვანია კლება.


ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებაა, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება და თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა. შესაბამისად, კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მიმდინარეობს თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების და განხორციელების მონიტორინგი; ასევე, ყოველდღე 10:00-18:00 ფუნქციონირებს თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზი (116001). სწორედ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს კომპონენტის ეფექტური მონიტორინგის საფუძველზე წელს ცენტრი და, შესაბამისად, ქვეყანა დაჯილდოვდა, როგორც ერთერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევების მქონე.  


მოგახსენებთ, რომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები მათ შორის არის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაც. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ანგარიშსწორების წესებსა და ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, კერძოდ 2022 წლის 12 იანვრის „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ #4 დადგენილებით სხვა პროგრამებთან ერთად დამტკიცდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ პროგრამაც (მ.შ. კომპონენტების ბიუჯეტებიც) და მის განმახორციელებლად  განისაზღვრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.


თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები სრულ თანხვედრაშია და ხელს უწყობს თამბაქოს მრავალკომპონენტიანი კანონმდებლობისა და პოლიტიკის  აღსრულების გაძლიერებას FCTC-ის მუხლებისა და აღსრულების გაიდლაინების შესაბამისად. იგი, ასევე, სრულ თანხვედრაშია საქართველოს თამბაქოს  კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ამოცანებთან და სამოქმედო გეგმასთან და ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმასთან.


თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების და განხორციელების  მონიტორინგის შედეგები განიხილება საქართველოს პარლამენტის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საბჭოს სხდომებზე; ანგარიშები იგზავნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისსა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან.


ამ და სხვა, ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღებული პასუხისმგებლობებიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. ცენტრისთვის გასაგებია, რომ ცალკეულ პირთა წრეს (როგორიცაა, განსაკუთრებით, თამბაქოს  ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები) არ მოსწონს ის მიღწევები, რაც საქართველომ თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით მოიპოვა. სწორედ ეს პირები და პირთა ჯგუფები ცდილობენ ამ მიღწევების მოპოვებაში მონაწილე ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის დაბრკოლებების შექმნას და მათ ცილისწამებას. მიუხედავად ყველაფრისა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად და, შესაბამისად, თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, ჩვენი მოსახლეობის და განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ჯანმრთელობის საწინდარია“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „კომერსანტს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.


თეგები:
NCDC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up