საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აშშ-ს მოუწოდებს, რომ ციფრული გადასახადის გამო ფრანგულ პროდუქციაზე ტარიფები არ დააწესოს. France Inter-ის ცნობით, მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ომი არავის სჭირდება. ამიტომ ამერიკელმა მეგობრებმა კეთილგონიერება უნდა გამოიჩინონ.
„ციფრული გადასახადი, რომელიც საფრანგეთმა შემოიღო, ყველა „ციფრულ გიგანტს“ ეხება, ასევე ამერიკულსაც. ამიტომ მე უარვყოფ ბრალდებას, რომ რეგულაცია დისკრიმინაციულია. პარიზს აშშ-თან სავაჭრო ომი არ სურს“- აცხადებს მინისტრი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 2.4 მილიარდის ღირებულების ფრანგულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.
ტარიფების პროექტი საფრანგეთის მიერ ციფრული კომპანიების მომსახურებაზე გადასახდების დაწესებაზე პასუხია, რომელიც ისეთ ამერიკულ კომპანიებზე ვრცელდება, როგორებიცაა Amazon-ი, Apple-ი, Facebook-ი და Google-ი.
აშშ-ში აცხადებენ, რომ 100%-მდე ტარიფი შესაძლოა 63 ფრანგულ პროდუქტზე დაწესდეს, მათ შორის ყველზე, შამპანურზე, ჩანთებსა და კოსმეტიკაზე. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტარიფების დაწესების შემდეგ სხვა ქვეყნებს ამერიკული კომპანიებისთვის დამატებითი გადასახდების დაკისრების სურვილი არ გაუჩნდებათ.
ციფრული კომპანიები საფრანგეთში დამატებით გადასახადებს 2019 წლის პირველი იანვრიდან იხდიან.
imedinews.ge