სათვალეების ქართული ბრენდი Bros Eyewear-ი სექტემბრიდან ქალების საათების ხაზს გამოუშვებს.
კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი გამთენაძე „კომერსანტთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაყიდვებმა 70%-ით იკლო.
„რა თქმა უნდა პანდემიამ გავლენა ჩვენზეც მოახდინა. Bros Eyewear-ის მაღაზია მეიდანზე მდებარეობს, შესაბამისად ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩვენი მყიდველების 80%-ს შეადგენდნენ, ნულის ტოლია. ამან კი კომპანიის გაყიდვებზე იმოქმედა და 70 %-იანი კლება გამოიწვია.
ქართულ ბაზარზე საცალო შეკვეთებით ვმუშაობთ, მაგრამ ის ტემპი, რაც აქამდე იყო აღარაა და ველოდებით მოვლენების განვითარებას,- განმარტავს ირაკლი გამთენაძე.
როგორც კომპანიაში განაცხადეს ქალის საათების ახალი კოლექცია მომზადებულია და სექტემბრისთვის წარმოებაში გაეშვება.
„გვაქვს სიახლეები, გაფართოებას და ფილიალის დამატებას არ ვაპირებთ, თუმცა შევქმენით საათების ხაზი, რომელიც აქამდე მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო. სექტემბრის ახალი მოდელები კი უკვე ქალბატონებისთვისაც იქნება.“ - აღნიშნავს ირაკლი გამთენაძე.
Bros eyewear-ი ნატურალური ხისგან დამზადებული სათვალეების ბრენდია, რომელიც ქართველმა ძმებმა 2015 წელს დააფუძნეს. სათვალეებში გამოყენებული ლინზები შეესაბამება ყველა სტანდარტს და ყველა მოდელს აქვს 100%იანი UVA/UBV დაცვა.
ანი ცარციძე