ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს არაჯანსაღი საკვების გაყიდვაზე შეზღუდვა შემოიღოს. ასევე შეზღუდოს ამ ტიპის კერძების რეკლამა ინტერნეტით და ტელევიზიით. ამის შესახებ Financial Times წერს.
ხელისუფლება გეგმავს მავნე კერძებს ომი გამოუცხადოს და გეგმავს შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტებსა და სასმელებზე მოთხოვნები გაამკაცროს და მარკირება შემოიღოს.
გამოცემის ცნობით, ამით, ხელისუფლება ცდილობს იმ ადამიანების რაოდენობა შეამციროს, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. ბორის ჯონსონის სურვილია ასევე ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე კალორიების რაოდენობა დაიტანონ. მისი თქმით, ჭარბი წონა კოვიდინფექციით დაავადების რისკს ზრდის და ხელისუფლება ეცდება კანონის გამკაცრებით, ეს რისკები შეამციროს.
ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების საფუძველი, კოვიდინფექციის პრევენციის გარდა 2018 წელს ჩატარებული კვლევა გახდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოზრდილების 64%-სა და ბავშვების 30%-ს ჭარბი წონა აწუხებთ. საგულისხმოა, რომ 2007 წლიდან ბრიტანეთში საბავშვო გადაცემებში ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის რეკლამირება აკრძალულია.
ამასთან წესების გამკაცრება გავლენას მოახდენს იმ ბიზნესოპერატორების საქმიანობაზე, რომლებიც სწრაფი კვების კერძებს ამზადებენ.
დიეტოლოგ ელენა კაპენის განცხადებით, კვების რაციონიდან აუცილებელია ძეხვეულის, ნამცხვრების, რძის, სწრაფი კვების კერძებისა და გაზიანი სასმელების ამოღება.
Imedinews