კონსერვატორი დეპუტატი დევიდ ამესი დიდ ბრიტანეთში, ესექსის ოლქში რამდენჯერმე დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მკვლელობის დროს ამესი მოსახლეობასთან შეხვედრას ატარებდა.
პოლიცია მომხდარს ტერორისტულ ინციდენტად მიიჩნევს. გამოძიების ვერსიით, არსებობს პოტენციური კავშირი ისლამურ ექსტრემიზმთან. ესექსის პოლიციასთან და აღმოსავლეთ რეგიონის სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, გამოძიებაში ჩართულები არიან კონტრტერორისტული ოფიცრები.
მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ბრიტანელი ადგილზე დააკავეს. გამოძიების ფარგლებში პოლიცია აწარმოებს ჩხრეკას ლონდონის რაიონში მდებარე ორ მისამართზე. უსაფრთხოების სამსახურებს მიაჩნიათ, რომ დაკავებული მარტო მოქმედებდა, მაგრამ ინციდენტის გარემოებების გამოძიება გრძელდება.
დევიდ ამესი სოციალური კონსერვატორი იყო, იბრძოდა აბორტის წინააღმდეგ და იყო ცხოველთა კეთილდღეობის აქტიური ადვოკატი. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მსახურობდა მინისტრად, იყო მრავალი საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, მათ შორის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კომიტეტის.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა “დაკარგა შესანიშნავი საჯარო მოხელე, ისევე როგორც ძალიან საყვარელი მეგობარი და კოლეგა”.
წყარო: ბიზნესფორმულა