კიევში მყოფი დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას $60 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს. სუნაკი პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.
"თავდაცვითი დახმარების £50-მილიონიანი ($60-მილიონიანი) პაკეტი მოიცავს 125 საზენიტო იარაღს და ტექნოლოგიას ირანის მიერ მიწოდებულ სასიკვდილო დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, ათობით რადარს და დრონ-საწინააღმდეგო ტექნიკას". – აღნიშნა სუნაკმა.
სუნაკის თქმით, საჰაერო თავდაცვის პაკეტის გარდა, ბრიტანეთი ასევე გამოყოფს $14 მილიონს სასურსათო კრიზისში უკრაინის დასახმარებლად და $5 მილიონს მიგრანტთა დასახმარებლად.