ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმიდან 4 წლის შემდეგ ლონდონმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მათ შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.
საბოლოო ტექსტის მიღება კათოლიკურ შობამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა და ამით მხარეებმა მოსალოდნელი ქაოსის თავიდან აცილება მოახერხეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, „შეთანხმებამ ახალი, გრძელვადიანი მეგობრობისთვის მყარი საფუძველი შექმნა“.
გარიგებას იმდენს ხანს ელოდნენ, რომ პოლიტიკოსები, როგორც ლონდონში, ასევე ბრიუსელში „ხისტი“, შეუთანხმებელი ბრექსიტისთვის მზადყოფნის შესახებ აცხადებდნენ. დედლაინი 2016 წლიდან რამდენიმეჯერ გადატანილ იქნა, თუმცა 2021 წლის 1 იანვარის მოლაპარაკებების ვადა საბოლოოდ იწურებოდა.
საბოლოო ჯამში, მხარეებმა კომპრომისის მიღწევა ბოლო საათებში მოახერხეს. უკვე დანიშნული პრეს-კონფერენცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის და ევროკომისიის თავჯდომარის ურსულა ფონ კლიაინენის მონაწილეობით რამდენიმეჯერ გადადიო.
საბოლოო ჯამში, პროცესი იმდენად გაიწელა, რომ ბრიტანული დელეგაციის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა და ურსულა ფონ კლიაინების პრეს-კონფერენციას ბორის ჯონსონი თავის ლონდონურ რეზიდენციაში უსმენდა.
ევროკომისიის თავჯდომარე, რომელიც იმ საღამოს „ძველ მეგობარს“, გაერთიანებულ სამეფოს ემშვიდობებოდა, ლირიკულად იყო განწყობილი.
„ბრიტანეთი - უკვე მესამე ქვეყანაა. მაგრამ ის ხომ ჩვენი პარტნიორია. ჩვენ დიდი ხნის მოკავშირეები ვართ, ერთობილი ინტერესები და ერთიანი ფასეულობები გვაქს. ძალიან კმაყოფილი და დამშვიდებული ვარ. ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია ბრექსიტი უკან მოვიტოვოთ და წინ წავიდეთ“ - განაცხადა ფონ კლიაინენმა.
ბორის ჯონსონის სატელევიზიო მიმართვა ქვეყნის მოსახლეობისადმი წინასაარჩევნო გამოსვლას უფრო წააგავდა - არავითარი წუხილი და დამშვიდობება.
„4,5 წლის წინ ბრიტანელმა ხალხმა საკუთარ ფულზე, კანონებზე, საზღვრებზე, და წყლებზე კონტროლის აღდგენა და ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტა, და ჩვენ ეს ვალდებულება შევასრულეთ“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, მიღწეული შეთანხმება ბრიტანელებისთვის მიმზიდველ პერსპექტივებს ხსნის - ბიზნესისთვის, პოლიციისთვის, პანდემიაზე კონტროლისთვისაც კი.
„შეთანხმება სამუშაო ადგილებს დაიცავს, ბრიტანული საქონელი კი ევროკავშირში დაუბეგრავად გაიყიდება. ყველაფერში მეტი გარკვეულობა იქნება და ბრიტანეთი ისევ დამოუკიდებელი და ზღვისპირა სახელმწიფო გახდება“ - განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთის პარლამენტში შეთანხმების დამტკიცების საკითხი 30 დეკემბერს განიხილება.
ევროპელი ლიდერები შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან - საერთო აზრი ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიხოლ მარტინმა გამოთქვა - „კარგი ბრექსიტი არ არსებობს, თუმცა, დღევანდელი შეთანხმება - არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე უმტკივნეულოა“.
ნაკლებად ოპტიმისტური იყო შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სტერჯენი.
„ბრექსიტი შოტლანდიელების ნების საწინაამღდეგოდ აღსრულდა. ვერავითარი გარიგება ვერ მოახდენს იმის კომპენსირებას, რასაც ჩვენ ბრექსიტი გვართმევს. მოვიდა დრო შოტლანდიამ თავის მომავალზე, როგორც დამოუკიდებელმა ევროპულმა სახელმწიფომ იზრუნოს“ - განაცხადა მან.
Kommersant.ru
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ