დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.
„ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. თუმცა, ყველას ვურჩევთ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთონ. ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი ვაქცინის წინააღმდეგია. გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც დაიცავს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ბრიტანელების უმეტესობის ვაქცინაცია აღდგომისთვის იგეგმება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ტესტირებაში მონაწილეთა 70%-ი კორონავირუსისგან დაიცვა.
პრეპარატის ტესტირებაში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო. პროცესი დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში მიმდინარეობდა. მათ შორის, ვინც ვაქცინის 2 დოზა მიიღო, კორონავირუსი 30 ადამიანს გამოუვლინდა. პლაცებოს მიღების შემთხვევაში კი, ინფიცირებულთა რაოდენობამ 101 შეადგინა.
imedinews.ge