დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას The Bell-ი ავრცელებს.
პირველ დეკემბერს, ლონდონში, 58 წლის მდიდარი რუსი ბიზნესმენი საკუთარ მრავალმილიონ დოლარიან ვილაში დააკავეს. ის ეჭვმიტანილია რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ფულის გათეთრებაში, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თაღლითურ შეთქმულებასა და ცრუ განცხადებების გაკეთებაში.
ბიზნესმენის გარდა კიდევ ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი 35 წლის მამაკაცია, რომელიც ბიზნესმენის ლონდონის სახლში მუშაობს. დაკავებისას მას ჩანთაში ათასობით ფუნტი ნაღდი ფული ჰქონდა. მეორე პირი კი ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის ყოფილი ბოიფრენდია. ის საკუთარ სახლში, ლონდონში, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, წერს გამოცემა.
ლონდონში რუსი ბიზნესმენის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, Alfa-Bank-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფრიდმანს ამ ამბავთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
მოგვიანებით, TASS-მა ფრიდმანის გარემოცვის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ იგი ლონდონში დააკავეს, მაგრამ გირაოთი გაათავისუფლეს.
რუსეთის საელჩომ კი ლონდონს მოსთხოვა, რაც შეიძლება მალე დააზუსტოს დაკავების გარემოებები და აცნობოს რუსეთის მოქალაქის ადგილსამყოფელი.
თავად ფრიდმანმა Forbes-თან საუბარში მორიდებით თქვა, რომ კარგად იყო და შაბათ-კვირას მეგობრებს ხვდებოდა, წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ფრიდმანი IDS Borjomi International-ის თანამფლობელია
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა