„ბორჯომის“ ქარხნების დახურვის შემდეგ დარჩენილი ნაშთების გაყიდვებს საფრთხე არ ემუქრება და ფალსიფიკაციის მხრივაც რისკი ნაკლებადაა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საწარმომ გააგრძელოს საქმიანობა და არ დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანები უმუშევრად არ დარჩნენ.
როგორც ივა ჭყონია აცხადებს, ,,ბორჯომის“ გაჩერებით ქვეყანა დიდ დანაკარგს მიიღებს, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ინვესტორის მხრიდან, რომ წარმოება გაგრძელდეს.
,,სადისტრიბუციო ბაზრის დანაკარგზე საუბარი მოსატანიც არ არის იმ რისკიდან გამომდინარე, რასაც ,,ბორჯომის“ დახურვა გამოიწვევს. ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან ნეგატიურია გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ერთი მხრივ, ბიუჯეტი დიდძალ თანხას დაკარგავს, მაგრამ ამავე დროს ასობით თანამშრომელი უხელფასოდ დარჩება. რამდენადაც ცნობილია, ინვესტორს პრობლემა შეექმნა საბანკო შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვერ ახდენენ ვალდებულებების შესრულებას, ვერ იხდიან ხელფასებს და გადასახადებს. ამასთან ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის იმიჯის საკითხიც, ვინაიდან საუბარია ეროვნულ ბრენდზე, რომლის დასაცავად ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს. საქართველოსთვის ,,ბორჯომი“ მხოლოდ გაზიანი და მტკნარი წყალი არ არის, მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც ექსპორტზე აქტიურად გადიოდა, როგორც ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიასა და აშშ-ში, არაერთ ქვეყანას ამარაგებდა თავისი პროდუქციით“, - აცხადებს ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“.
ჭყონიას თქმით, კომპანიის მხრიდანაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სანქციებს თავი დააღწიონ და ოპერირება ნორმალურ რეჟიმში გააგრძელონ.
,,ცხადია, ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი სახეობის წყალი შეიძლება ჩანაცვლდეს მეორეთი. ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჯანსაღი კონკურენციისთვის ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სანქციები პერსონებს უწესდებათ და შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებთანაც შეხება აქვთ. ალბათ, გარკვეული ზომების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ფალსიფიკაციის რისკი ნაკლებადაა, არ ველოდები, რომ საქმე აქამდე მივა. რაც შეეხება რეალიზაციის საკითხს, ქარხნის დახურვა ამ მხრივ პრობლემას ვერ გამოიწვევს. არის ნაშთები, რომელსაც გაყიდიან და როცა მარაგი ამოიწურება, გაყიდვები თავისთავად გაჩერდება“, - დასძენს ივა ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო, „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.
ცნობისთვის, 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.
მარი ჩიტაია