უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო სექტორის შემოსავლები საშუალოდ 7-8%-ით იზრდება. ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესი მოთამაშის სილქნეტის 2020 წლის კონსოლიდირებულ აუდიტორულ ანგარიშშია ნათქვამი. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია გასული წელი, როდესაც სატელეკომუნიკაციო სექტორის შემოსავლები დაახლოებით წინა წლის დონეზე დარჩა, რისი მთავარი მიზეზიც COVID-19 პანდემიის შედეგად შემცირებული ტურიზმი, ბიზნესაქტივობა და ადამიანების მობილობაა. ანგარიშის თანახმად, სატელეკომუნიკაციო სექტორის კონტრიბუცია ქვეყნის მშპ-ში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურად 1.9%-ია.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორის შემოსავლების ყველაზე დიდ წილს მობილური სერვისები აგენერირებს. 2020 წელს მობილური სერვისების წილმა მთლიან სატელეკომუნიკაციო შემოსავლებში 53% შეადგინა. წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფიქსირებული ინტერნეტისა და pay TV-ის შემოსავლებში. განსაკუთრებით დიდი იყო ზრდა pay TV-ში, რომლის შემოსავლები უკანასკნელ ხუთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა.
ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში SIM ბარათების რაოდენობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. წლიურ ანგარიშში წერია, რომ მობილური სერვისების აბონენტების რაოდენობა 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 120 ათასი აბონენტით (2%-ით) გაიზარდა, ხოლო 2020 წელს დაახლოებით 2018 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, რისი მიზეზიც 2020 წელს COVID-19-ის გამო მნიშვნელოვნად შემცირებული შემომავალი ტურიზმია. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტისა და pay TV-ის, მათი აბონენტების რაოდენობა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მზარდია. შედარებით მცირე იყო ზრდა 2020 წელს, რისი მთავარი მიზეზი COVID-19-ის გამო შემცირებული ბიზნესაქტივობა და ტურიზმია. ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების აბონენტების რაოდენობა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში განახევრდა, რაც გლობალური ტენდენციის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის ბაზარზე წარმოდგენილია სამი ძირითადი ოპერატორი, რომელთაგან „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ - კონვერგენტული, ხოლო „ვიონი საქართველო“ მხოლოდ მობილური ოპერატორია.