“ტურიზმის სექტორის დინამიკა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეგმენტში შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც უფრო მიგრანტების კატეგორიაში გადიან, ვიდრე ტურისტების, ამ მიმართულებით სიტუაცია სპეციფიკურია“, - ამის შესახებ რადიო “კომერსანტზე“ გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ ჯიპას პროფესორმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ–უკრაინის ომიდან გამომდინარე, მიგრანტების რაოდენობა თებერვალში და მარტში მკევეთრად გაიზარდა.
“ მათი უმეტესობა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიიდან შემოვიდა, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებთან შედარებით უკრაინელები რაოდენობა ნაკლებია, თუმცა ისინი ტექნიკურად მაინც ტურისტებად განიხილებიან. მათ საქართველოს ტერიტორიაზე სერიოზული ხარჯები გაიღეს: ამ ხარჯების საერთო მოცულობამ, ზოგიერთი შეფასებით, ბოლო ორ თვეში 300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს აქვთ იმის საშუალება, რომ გარკვეული სახსრები რუსეთის ფედერაციიდან მიიღონ, ეს ერთჯერადი ეფექტი არ ყოფილა“, - აღნიშნა მერაბ კაკულიამ.
კაკულიას თქმით, იმის პროგნოზირება, თუ რა პერიოდით გაჩერდებიან ეს ადამიანები საქართველოში, რთულია, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროფესიის არიან ეს ადამიანები და რა საქმიანობას ეწევიან ისინი საქართველოში.
“მაგალითად, იგივე IT სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და საკმაოდ ბევრნი არიან, ჩარიცხვებს იღებენ არა მარტო რუსეთის ფედერაციიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. გარდა IT სექტორისა, შეიძლება შეგვხვდეს სხვა ტიპის მომსახურება, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან და იღებენ შემოსავალს, რომელიც საქართველოში ერიცხებათ. ამასთან არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დიდ ხანს არ დარჩება საქართველოში და სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებს, ან დაბრუნდებიან თავის ქვეყანაში.
თაკო კვაჭანტირაძე