24 მარტის მონაცემებით, ბოლო 7 დღეში (18 მარტიდან) ლარი მსოფლიოს 160-მდე ვალუტას შორის ყველაზე მეტად გაუფასურდა. ლარის ფასი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 20%-თ შემცირდა (19.8%), რაც ბევრად აღემატება ყველა სხვა ვალუტის გაიაფების ტემპს. ლარის შემდეგ მეორე ადგილზე გაუფასურებით ინდონეზიური რუპიაა (7.2%), ხოლო მესამეზე - ზამბიური კვაჭა (5.5%).
საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის, 18 მარტიდან ყველაზე მეტად სომხური დრამი გაუფასურდა (1.2%), რაც ლარის გაუფასურების ტემპზე თექვსმეტჯერ ნაკლებია. თურქული ლირის ფასი ამავე პერიოდში არ შეცვლილა (0.0%), ხოლო დანარჩენი მეზობლების ვალუტები - გამყარდა.
გრაფიკზე მოცემულია ლარისა და რეგიონის სხვა ვალუტების აშშ დოლართან კურსის პროცენტული ცვლილება 18-დან 24 მარტამდე. ლარის და რეგიონის სხვა ვალუტების გაუფასურება 18 მარტიდან
ლარის კურსი პრაქტიკულად უცვლელი იყო თვის დასაწყისიდან 18 მარტამდე, თუმცა თვის მანძილზე ჯამური გაუფასურებითაც ლარი უკვე მსოფლიოში მეორეა. პირველი მარტიდან ლარზე მეტად ჯამში მხოლოდ მექსიკური პესო გაიაფდა (21.2%). ლარის შემდეგ, გაუფასურებით მსოფლიოში მესამე ადგილზე კოლუმბიური პესოა (15.8%), ხოლო მას მოსდევენ რუსული რუბლი და ნორვეგიული კრონა (ორივე 15.2%-თ). ამ ქვეყნების ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ნავთობის მოპოვებასთან და მათი ვალუტების გაიაფებაც დიდწილად ნავთობის ფასის მკვეთრ კლებას უკავშირდება.
რუსეთის გარდა, საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის პირველი მარტიდან არცერთი ვალუტა არ გაიაფებულა 3.7%-ზე მეტით (თურქული ლირა), რაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე ხუთჯერ ნაკლებია.
მასალაში გამოყენებულია xe.com-ისა და ბლუმბერგის მონაცემები.
Tifliser.com