ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ანტირეკორდი 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება არა მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, რომელიც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით სიის სათავეშია, მაგალითად, აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში, არამედ - ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელშიც.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 16 მილიონზე მეტ ადამიანს დაუსვეს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ინფიცირებუთა ჯამურმა რაოდენობამ 16 203 204-ს მიაღწია.
მსოფლიოში კოვიდინფექციით გარდაცვალების 648 452 შემთხვევაა აღრიცხული, 9 914 013 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (149 398 ადამიანი), მეორეზე - ბრაზილია (86 496 ადამიანი), მესამეზე - დიდი ბრიტანეთი (45 738 ადამიანი), მეოთხეზე - მექსიკა (43 374 ადამიანი), მეხუთე ადგილზე კი იტალიაა (35 102 ადამიანი).
Imedinews