აგვისტოში საზღვარგარეთაა გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2%-ით $205 მლნ-მდე გაიზარდა. ბოლო 2 თვეში ემიგრანტების მიერ გადმორიცხულმა თანხის მოცულობამ ბოლო 2 კვარტლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 13%-ით გაასწრო, ბოლო 3 თვის გზავნილებმა კი გასული წლის ინვესტიციებს 7.5%-ით გადააჭარბა.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი - $37.7 მლნ აგვისტოში რუსეთიდან გადმოირიცხა, თუმცა მისი წილი მთლიან გზავნილებში 18.4%-მდეა შემცირებული, გასულ წელს 19%-ს შეადგენდა, 15 წლის წინ კი 50%-ს, ზოგ შემთხვევაში 60%-საც აჭარბებდა.
მეორე ადგილს $33.6 მლნ-ით იტალია იკავებს, $24.6 მლნ-ით მესამეზე შეერთებული შტატებია. გერმანიიდან გზავნილების მოცულობა 47%-ით გაიზარდა, $10.1 მლნ-ს მიაღწია და მეექვსე ადგილი დაიკავა. იმ ქვეყნებიდან საიდანაც აგვისტოში საქართველოში $1 მლნ-ზე მეტი გადმოირიცხა, განსაკუთრებით მაღალი ზრდა ტაჯიკეთიდან + 108%, ყირგიზეთიდან + 129% და ყაზახეთიდან +179% დაფიქსირდა.
სულ იანვარ-აგვისტოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში $1.496 მლრდ გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 31%-ით ანუ $354 მლნ-ით და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 35%-ით - $389 მლნ-ით აღემატება.
იანვარ-აგვისტოში 45%-ით $192 მლნ-მდე საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა.