ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 100 მლნ–ით 510 მლნ ლარამდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 11 მლნ-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
წლის დასაწყისში პრობლემური სესხების მოცულობა 533 მლნ-ს აღწევდა, რაც მთელი სასეხო პორტფელის 1.37%-ს შეადგენდა, ამჟამად ის 1.28%-მდეა შემცირებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ვადაგადაცილებული სესხების წილი 1.44%-ს უდრიდა.
ეროვნული ბანკის მოთხოვნით, კომერციული ბანკი სესხის გაცემისთანავე ძირი თანხის 2%-ს არეზერვებს. 1 დღით ვადაგადაცილების შემთხვევაშიც კი ბანკი ვალდებულია რეზერვის მოცულობა 10%-მდე გაზარდოს. ეტაპობრივად ეს ზღვარი იზრდება და ბოლოს 100%-ს აღწევს. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა აღადგინა სესხის გადახდა, ბანკს რეზერვებიდან ამოწერის უფლება ენიჭება. ბანკის ასევე უფლება აქვს საკუთარი გადაწყვეტილებით რეზერვების მოცულობა მოთხოვნილზე მეტად გაზარდოს. გასული წლის მარტსა და აპრილში სექტორის მიერ ნაჩვენები ზარალიც ძირითადად სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.
ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2020 წელს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მხოლოდ 0.35%-ით 1.48%-მდე გაიზარდა. 2017 წლის დეკემბრის შემდეგ კი ტოქსიკური სესხების წილს 2%-იანი ზარი აღარ გადაულახავს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველო ვადაგადაცილებული სესხების 1.9%-იანი წილით (იგულისხმება 90 დღით ან უფრო ხანგრძლივი ვადით გადაუხდელობა), მართალია მალაიზიასა და ვიეტნამზე ცუდ მდგომარეობაში იყო, სადაც ეს მაჩვენებელი 1.5%-ს შეადგენდა, თუმცა სჯობნიდა ბელგიასა და საფრანგეთს, სადაც ტოქსიკური სესხების წილი 2%-ს აჭარბებდა. გამონაკლისების მიუხედავად, ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში პრობლემური სესხების წილი გაცილებით დაბალია. კორეაში, ესტონეთში, შვეიცარიში და ნორვეგიაში ეს კოეფიცინტი 1%-ზე დაბალია. ტაჯიკეთში, კონგოსა და ანგოლაში კი 20%-ს აჭარბებს.