ამერიკული ავიამწარმოებელი კომპანია Boeing-ის პრობლემები აშშ-ის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს. ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს.
ამ პროგნოზს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი აკეთებს. მისი თქმით, ქვეყანა რისკავს, რომ მშპ-ს 0,5% დაკარგოს.
„კომპანია Boeing-ში შექმნილი ვითარება აშშ-ში მშპ-ს შეამცირებს“, - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი. მანამდე არსებული პროგნოზით აშშ-ის მშპ 2%-3%-ით უნდა გაზრდილიყო. აშშ-ში პროგნოზირებენ, რომ ეკონომიკის ზრდის ძირითადი წყარო ჩინეთთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება იქნება. გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პირველ გარიგებას უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი.
ამერიკული კორპორაცია Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მალენბურგმა თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა.
კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებას წინ უძღოდა ორი დიდი ავიაკატასტროფა, რომელიც Boeing 737 MAX-მა 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის მარტში განიცადა.
2020 წლის 13 იანვრიდან კომპანია Boeing-ს დევიდ ქელჰოუნი უხელმძღვანელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს.
2018 წლის ნოემბერში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაში ამავე ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა.
ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 Max-ით ფრენები შეაჩერა.
imedinews.ge