კორპორაცია Boeing-მა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ახალი გაუმართაობა აშშ-ში, აიოვას შტატში ჩატარებული ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მთელი ინფორმაცია გაუმართაობის შესახებ როგორც მიმწოდებლებს, ასევე კლიენტებს გაუგზავნეს. კერძოდ, პრობლემა სისტემური მონიტორების გამართული მუშაობის შემოწმების პროცესს უკავშირდება.
ამერიკული კორპორაცია Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მალენბურგმა თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა.
კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებას წინ უძღოდა ორი დიდი ავიაკატასტროფა, რომელიც Boeing 737 MAX-მა 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის მარტში განიცადა. 2020 წლის 13 იანვრიდან Boeing-ს დევიდ ქელჰოუნი ხელმძღვანელობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს.
2018 წლის ნოემბერში Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაში ამავე ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა.
ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 MAX-ით ფრენები შეაჩერა.
Imedinews