1 ოქტომბრიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დგინდება. ახალი სისტემა განსხვავდება იმით, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით კომპანიებიც დაიშვებიან. აქამდე მოქმედ სისტემაში ჩართულები მხოლოდ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იყვნენ. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ გარიგებებს იმის მიხედვით დებენ თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, რომ ვაჭრობის სისტემაში ჩართული პირების რაოდენობა და შესაბამისად, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების ოდენობა გაიზარდოს. ამ პლატფორმით შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ. მათივე ინფორმაციით, კომერციულ ბანკს ახალი წესების თანახმად, უნდა ჰყავდეს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც კომპანიებისთვის ტერმინალის მეშვეობით შეასრულებს გარიგებებს, ასევე ბანკს უნდა ჰქონდეს განსხვავებული სადილინგო კოდიც მისი მთავარი სადილინგო კოდისგან, რომლითაც გარიგებებს შეასრულებს.
Bmatch-ის მეშვეობით კურსის დადგენას დადებით მოვლენად აფასებს თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, თუმცა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ კურსზე რაიმე განსაკუთრებულ ზეგავლენას ეს ვერ მოახდენს.
„Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში Bmatch-ის მეშვეობით კურსის დადგენა დადებითი მოვლენაა, რადგან კიდევ უფრო მეტი მონაწილე იქნება ჩართული და ბაზარი კიდევ უფრო „ღრმა“ გახდება. აქ მონაწილეთა სახით არიან ჩართული კომერციული ბანკები, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და დაემატებიან კომპანიები. მეტი იქნება კონკურენცია. ადრე ბანკს გამოჰქონდა კლიენტის მოთხოვნა, ახლა კი ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ კლიენტი გამოიტანს თავის მოთხოვნას. თუმცა კურსზე რაიმე განსაკუთრებულ ზეგავლენას ეს ვერ მოახდენს. ის კომპანიები ბანკების მეშვეობით მაინც ვაჭრობდნენ, შესაბამისად ცვლილებებს ლარის კურსზე ეს ფაქტი ვერ მოახდენს. დამატებით გაიზრდება თუ არა მერყეობა სავალუტო ბაზარზე იმასთან შედარებით რაც უკვე გვაქ, ვფიქრობ რომ დიდად არა. ამ მხრივ, ბანკებს ისევ შეუძლიათ შეძლებისდაგავარად დამაბალანსებელი როლის შესრულება და ასევე პერიოდული, როგორც წესი 40 მილიონიანი ინტერვენციების გარდა, ეროვნული ბანკიც ზოგიერთ შემთხვევაში ახდენს მცირე ოდენობებით ჩარევებს“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.