ვენესუელის ხელისუფლება სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრივატიზებას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ «Роснефть»-თან, ესპანურ Repsol-თან და იტალიურ Eni-სთან.პრივატიზება, თუ ის შედგება, ქვეყნის ხელისუფლებას მსხვილი უცხოელი ინვესტორების მოზიდვის და სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს ვალების ნაწილის რესტრუქტურიზაციის საშუალება მიეცემა.
ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგანაც ვენესუელის კონსტიტუცია ბუნებრივი რესურსების გასხვისებას კრძალავს, შესაბამისად, ამ გარიგების რეალიზებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.სიტუაციას ართულებს ისიც, რომ 2019 წლიდან PDVSA იმყოფება ამერიკული სანქციების ქვეშ. კერძოდ. ამერიკულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ მასთან რაიმე ურთიერთობების დამყარება, ხოლო არაამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა PDVSA-სთან უმკაცრესი სანქციებით ემუქრებათ.აკრძალვები ასევე ეხება მის შვილობილ კომპანიას - Citgo Petroleum-ს.
წყაროს ინფორმაციით, ვენესუელის ხელისუფლება თავიდან უცხოურ კომპანიებს ინვესტიციების ჩადებას და მოგებიდან წილის მიღებას სთავაზობდა . ამავე დროს გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ნავთობკომპანიის დავალიანების ნაწილის კონვერტირება აქციებში და მათი კრედიტორებისთვის გადაცემა.PDVSA ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 700 000 ბარელამდე შემცირდა, ეს მაშინ როდესაც ვენესუელა ფლობს ნავთობის ყველაზე დიდ მარაგს მსოფლიოში.
კომპანიის სირთულეები მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან. კერძოდ, ჰიპერინფლაციასთან და სავალუტო მარაგების თითქმის ამოწურვასთან.წლის დასაწყისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ PDVSA-მ ფაქტობრივად გადასცა კონტროლი ნავთობსაბადოებზე უცხოელებს, ხოლო აშშ-ს წარმომადგენელმა ვენესუელის საკითხებში განაცხადა, რომ რუსული კომპანიები ქვეყნის ნავთობმოპოვების თითქმის 70%-ს აკონტროლებენ.
Bloomberg
თენგიზ აბლოთია