Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3625-ს მიაღწია, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თვის დასაწყისის კურსს 4.5 თეთრით, წლის დასაწყისისას კი თითქმის 9 თეთრით აღემატება.
1-ელ იანვარს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 3.2766-ს შეადგენდა, 1-ელ თებერვალს 3.3026-ს, 1-ელ მარტს 3.3255-ს, 26 მარტს კი 3.3473-ს. არასრულ სამ თვეში ლარი ოფიციალურად 2.2%-ით, მიმდინარე კურსის მიხედვით კი 2.6%-ით გაუფასურდა.
26 მარტის მდგომარეობით სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.36-3.37 ლარადაა შესაძლებელია, ბანკებში - 3.38-3.40 ლარად.
გაუფასურების ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა სებ-ის ოთხჯერადი ინტერვენცია, რომლის საშუალებითაც ეროვნულმა ბანკმა ჯამში $160 მლნ გაყიდა. სავალუტო ინტერვენციის გარდა მარტში 0.5%-ით 8.5 პროცენტამდე გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რითაც 124 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა. კურსზე აღნიშნული გადაწყვეტილებაც მოქმედებს, ოღონდ მყისიერად არა.
შარშანდელისგან გასნსხვავებით, როდესაც 9 მარტიდან 27 მარტამდე ლარი ნახტომისებურად 25%-ით 2.78-დან 3.48-მდე გაუფასურდა, წელს მსგავსი ვარდნის მოლოდინი აღარაა, თუმცა არც გამყარების ნიშნები შეინიშნება და გაუფასურების მსგავსი ტემპის გაგრძელების შემთხვევაში წლის ბოლოს ახალი რეკორდი მოიხსნება.