ევროკავშირის ქვეყნებმა პოლონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნის გამო მინსკის მმართველი ელიტის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს.
შეზღუდვები 17 ფიზიკურ და 11 იურიდიულ პირს შეეხო. სასანქციო სიაში აღმოჩნდნენ ბელარუსი მესაზღვრეები და მოსამართლეები, სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, აზოტის სასუქების მწარმოებელი „გროდნო აზოტი“ და სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი საწარმო „ბელარუსნეფტი“.
აკრძალვის ქვეშ ასევე სირიული კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines-იც მოხვდა - სწორედ ამ გადამზიდავს ჩამოჰყავდა არალეგალები სირიიდან ბელარუსში, საიდანაც მათ ევროკავშირის საზღვართან აგზავნიდნენ.
ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გერმანულმა ჟურნალმა Bild ივარაუდა, რომ სირიული კომპანია შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ბელარუსში ჩაყვანაში. სკანდალის ფონზე Cham Wings Airlines-მა ბელარუსის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მას ვერ უშველის.
შეზღუდვების ახალ პაკეტს ბელარუსის წინააღმდეგ ვაშინგტონიც ამზადებს. წყარომ სახელმწიფო დეპარტამენტში Reuters-ს შეატყობინა, რომ სანქციების ძალიან მალე შეთანხმდება.
მინსკის ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან მკვეთრად და როგორც ჩანს საბოლოოდ გაუარესდა 2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ოფიციალურად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა, არც ევროკავშირი და არც ამერიკა ამ გამარჯვებას არ აღიარებს.
ამის შემდეგ ბრიუსელმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები პირველად შემოიღო, სულ სანქციების 4 პაკეტი დაწესდა.
აკრძალვების მეხუთე პაკეტზე მუშაობის თაობაზე განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზე ბორელმა. Financial Times-ის მონაცემებით, სანქციები არა მხოლოდ ავიაკომპანიებს, არამედ მინსკის აეროპორტსაც შეეხება, თუმცა, ჯერ უცნობია ეს შეზღუდვები რა სახის იქნება.
ასევე დარტყმის ქვეშ მოხვდა სასტუმრო „მინსკი“, სადაც ბელარუსში ყოფნისას ძირითადად აზიელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ.
სანქციების მოქმედების ქვეშ ასევე 30 მაღალჩინოსანი და ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირი მოხვდა, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.
ასევე შესაძლებელია ახლო მომავალში სანქციები არა მხოლოდ მიგრაციული კრიზისის ორგანიზატორებს, არამედ შემსრულებლებს და მაღალი რგოლის ჩინოსნებს დაუწესდეს, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულებენ - მათი ქმედებები ტრეფიკინგად და ადამიანებით ვაჭრობად ჩაითვლება.