გლობალური ეკონომიკისთვის 2023 წელს მთავარი რისკი სტაგფლაცია იქნება. სტაგფლაცია ინფლაციის მაღალი ტემპია, რომელსაც თან ერთვის წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე. სტაგფლაცია ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით ხასიათდება. ამის შესახებ MLIV Pulse-ის ახალი გამოკითხვის ანგარიშში არის ნათქვამი.
გამოკითხული 388 ინვესტორიდან, თითქმის, ნახევარი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა შენელებას განაგრძობს, ხოლო ინფლაცია მაღალი დარჩება. მეორე ყველაზე სავარაუდო სცენარად დეფლაციური რეცესია განიხილება, ხოლო მაღალი ინფლაციის პირობებში ეკონომიკური აღდგენა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.
გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი წელი სარისკო აქტივებისთვის კვლავ გამოწვევად დარჩება, რა დროსაც მოსალოდნელია სტაგფლაცია.
ცენტრალური ბანკების მკაცრმა ზომებმა, ინფლაციის ზრდამ და რუსეთ-უკრაინის ომმა, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, საფონდო ბაზრების ყველაზე დიდი კრახი გამოიწვია. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ინვესტორები მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილი აქტივების ფასებთან დაკავშირებით. გამოკითხულთა, დაახლოებით, 60% დოლარის შემდგომ შესუსტებას მოელის.
ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ კორონავირუსის მიმართ ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რისკი იქნება.