მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3%-ით 28.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ბრუნვასთან შედარებით ბევრად უფრო დაბალი ტემპით - 0.2%-ით 10.3 მლრდ-მდე გაზრდილია პროდუქციის გამოშვებაც.
2021 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16.3% - საშუალოზე, ხოლო 18.4% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
ტენდენცია იგივე, თუმცა რიცხვები განსხვავებულია პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, სადაც პირველ ადგილზე 45.8%-ით ისევ მსხვილი ბინზესია, საშუალოსა და მცირე ბინზესებზე კი 27.1-27.1 პროცენტი მოდის.
წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ბრუნვაში ვაჭრობას 37.1%-იანი წილით პირველი ადგილი უკავია, 8.8%-იით მეორე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობაა, მშენებლობაზე 5% მოდის, ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე - 4.7%. დარჩენილი 12.6% სხვა დარგებზე ნაწილდება.
პროდუქციის გამოშვებაში პირველ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა იკავებს. მისი წილი 24%-ა. 18.3%-იანი წილით მეორე ადგილს ვაჭრობა იკავებს, სამეულს კი 15.2%-ით მშენებლობა ასრულებს.
პირველი კვარტალის მდგომარეობით ბიზნესსექტორში სულ 623 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 ათასით ნაკლები. იანვარ-მარტში ყველაზე ბევრი - 170 ათასი ადამიანი ვაჭრობის სფეროში იყო დასაქმებული, 85 ათასი დამამუშავებელ მრეწველობაში, 72 ათასი - ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში, 56 ათასი მშენებლობაში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში კი 50 ათასი.