ბიზნესსექტორის ბრუნვა 2021 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.5%-ით 40.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 15%-ით 29 მლრდ ლარამდე გაიზარდა პროდუქციის გამოშვების მოცულობაც. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მესამე კვარტალში ბრუნვის 60.5% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 18% საშუალოზე, 21.5% მცირეზე. პროდუქციის გამოშვების მხრივ კი მსხვილი ბიზნესის წილი 42.1%-ს შეადგენს, საშუალოსი 27.4%-ს და მცირესი 30.5%-ს.
ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 5%-ით 678 ათასამდე გაიზარდა. მათგან 42.4% ქალია, 57.6% კი კაცი. დასაქმებულთა 39.6% მსხვილ ბიზნეში მუშაობს, 22.6% საშუალოში, 37.8% მცირეში.
საშუალო ნომინალური ხელფასი 11.5%-ით 1456 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით მისი მსყიდველუნარიანობა მცირედით შემცირებულია. ანაზღაურება ყველაზე მაღალი საშუალო ბიზნესშია და 1704 ლარს შეადგენს, მსხვილ ბიზნესში ხელფასები 1484 ლარს აღწევს მცირეში კი 1254-ს. თითოეულ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს სავალდებულო სახით საპენსიო შენატანის 2% და საშემოსავლოს 20% აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1142 ლარამდე მცირდება.
2021 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.5% ვაჭრობის დარგზე მოდის, მეორე ადგილზე 32.4%-ით ხელოვნება დასვენება და გართობაა, 9.9%-იანი წილით სამეულს დამამუშავებელი მრეწველობა ასრულებს. მშენებლობაზე 5.8% მოდის, ტრანსპორტსა და დასაწყობებეაზე 4.2%.