ბიზნესომბუდსმენი "კომერსანტის" დაწყებულ თემას ეხმაურება. მას ინფორმაცია არ აქვს შეექმნათ თუ არა უცხოელ გადამზიდავებს აზერბაიჯანის საზღვარზე გარკვეული პრობლემები, თუმცა, ადასტურებს, რომ ქართველ გადამზიდავებზე ეს ბარიერები გავრცელდა. როგორც ბიზნესომუდსმენ გიორგი გახარიას აპარატში „კომერსანტს" განუცხადეს, ქართველი მეწარმეების მიერ აზერბაიჯანში საქონლის შეტანისას საბაჟო პრობლემებზე გასულ პერიოდში ბიზნესომბუდსმენს ორმა კომპანიამ მიმართა. მათივე ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატი და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ერთობლივად მუშაობენ.
რომელმა კომპანიებმა მიმართეს ბიზნესომბუდსმენს, ამაზე აპარატში არ საუბრობენ. მათი თქმით, ეს კომპანიები საქართველოში არიან რეგისტრირებული და აქ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
„რაც შეეხება კომპანიების დასახელებას, ასეთი ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, ვინაიდან, კანონით აკრძალული გვაქვს ჩვენს წარმოებაში არსებული კონკრეტული საქმის გასაჯაროება"-აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
პრობლემა „კომერსანტთან" საუბარში უკვე რამდენჯერმე წამოსწიეს გადამზიდავმა კომპანიებმა. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით, მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით - დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა.
გადამზიდავების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებს საბაჟოდან გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ე.წ. გეზი) ამისამართებენ, სადაც პროცედურების გავლა ხშირად ორჯერ უწევთ.
იყო შემთხვევები, როდესაც ერთხელ უკვე გადამოწმებული ავტომობილი მძღოლს ხელმეორედ დააცლევინეს და მეორედ გაატარეს უკვე გავლილი პროცედურა.
რამდენიმე გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები „კომერსანტთან" საუბარში აცხადებენ, რომ საზღვარზე ტვირთების უმიზეზოდ გაჩერებამ და ე.წ. „გაწითლებამ" უკვე მასობრივი სახე მიიღო. მათი თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც წლებია მსგავს სიტუაციებს ადგილი არ ჰქონია.
მათივე განცხადებით, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ერთეული აღარ არის და ტენდენციის სახე მიიღო, რაც უჩენთ ეჭვს, რომ ბარიერები ხელოვნურად იქმნება.
გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა საბაჟო პროცედურების სიმარტივით და საბაჟო სტრუქტურასთან ურთიერთობის გამჭვირვალეობით. მათი განცხადებით, მსგავს შეფერხებებს ადგილი არ ჰქონიათ წინა ხელისუფლების დროს და არც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში.პრობლემების შექმნა გასული წლიდან დაიწყო.
შემოსავლების სამსახური კი საქართველოს მხრიდან პრობლემის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ შეფერხებები საბაჟოზე აზერბაიჯანული მხარის მიზეზით ხდება.