„ ბიზნესმენს დეპუტატად რა უნდა - არასწორი მოსაზრებაა. პირიქით, ჩვენ არ ვართ სტანდარტული ქვეყანა, რომ მხოლოდ კარგად მოსაუბრე პოლიტიკოსი გვყოფნიდეს,“_ ამის შესახებ ბიზნესმენმა და ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ „კომერსანტთან“ ბიზნესისა და მისი რეგიონის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.
„ბიზნესმენი დეპუტატად უკეთესია - ჩვენ შეფუთულ ტყუილებს არ ვაწვდით მოსახლეობას, ვსაუბრობთ იმაზე, რაც გვაკეთეთ და გავაკეთებთ, არ ვაძლევთ ცრუ დაპირებებს. ჩვენ ვეუბნებით ხალხს როგორ დაიჭირონ თევზი, იმიტომ, რომ ჩვენც სიღარიბის გზა გამოვიარეთ. მეც ვიყავი ისეთივე ღარიბი, როგორც თვითონ არიან, ამას არ უნდა დიდი პოლიტიკოსობა,“ - ამბობს დეპუტატობის კანდიდატი.
„ქართული ოცნების“ 30 მაჟორიტარიდან 19 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. GDG ჯგუფის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში მეტი ბიზნესმენი მოსახლეობისთვის საკანონმდებლო წნეხის შემსუბუქებას შეძლებს.
„სწორედ ბიზნესმენის ხედვა სჭირდება დღეს პარლამენტს, რომ აქედან წამოვიდეს ეს კანონები, რომლებიც გარკვეულწილად შეამსუბუქებენ ამ წნეხს. ჩვენი გამოცდილებით დავეხმარებით და ავუხსნით როგორ უნდა იყოს ბიზნეს-აქტივობა რაიონში. ამას ენერგიული ადამიანი სჭირდება, ვინც იცის ეს თემები. ბევრი ჩემი კოლეგა, ვინც შევა პარლამენტში მოახერხებს ამას. მათი ხედვა მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დავძრათ. ძალიან დიდი პროცენტით შევალთ პარლამენტში, რადგან ხალხმა უკვე ისწავლა და ფილტრავს ტყუილებს,“ - მიიჩნევს ბეჯან წაქაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ბეჟან წაქაძე პოდოვსკის ელექტრომექანიკური ქარხანის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. მოგვიანებით კი, ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექციის უფროსის პოზიცია დაიკავა. 2000-2002 წლებში საქართველოს სამთო- გეოლოგიური ასოციაციის ფინანსური მენეჯერი იყო, 2002 წელს კი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციაში გადაინაცვლა ინსპექტორის პოზიციაზე. 2005-2007 წლებში, ბეჟან წაქაძე საგადასახადო-საკონსულტაციო სააუდიტორო ორგანიზაცია ”პროფესიონალის” დირექტორად მუშაობდა, 2007-2010 წლებში სამშენებლო კომპანიების ”მოდულის”, ”სასკოს”, ”ბილდერსის”, ”კალასის” და ”თბილ ელიტ ჰაუსის” ფინანსური მენეჯერი გახდა. 2010 წელს კი, სამშენებლო კამპანია Georgian Development Group 1 დააფუძნა.
მარიამ მორგოშია