“ბიზნეს გაუჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფოს 30 დღის ადრე დასჭირდა თანხა”-ამის შესახებ კომპანია “საქკაბელის” მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს პირობა, რომ ყველა კომპანია თანაბარ პირობებში უნდა ოპერირებდეს არასწორია, რადგან კომპანიების დიფერენცირება სხვა კუთხით მაინც ხდება.
“ოქროს სიაში ძირითადად ის კომპანიები არიან, ვისაც დიდი ბრუნვა აქვს. შესაბამისად მათ მიერ ხდება თანხების მობილიზება 5 დღეში. მე ვერ გავიგე სახელმწიფოს მხრიდან რა იყო ცვლილების რეალური მიზეზი, რადგან ბიზნესს გაუჩინა ეჭვი, რომ სახელმწიფოს უცებ დასჭირდა თანხა, რომელსაც იღებს 30 დღით ადრე. მეტი არაფერი სხვაობა არ არის, იგივე თანხას მიიღებდა 30 დღის შემდეგაც.
ის პირობა, რომ გავათანაბრეთ და ყველა ერთნაირ პირობებში ჩავაყენეთ, მაშინ რატომ გვქვია ჩვენ მსხვილი გადამხდელები, რატომ არის დიფერენცირებული, რომ ადამიანს, ვისაც აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი იმას სხვა გადასახადი აქვს? თუ გადასახადში მაქვს დიფერენცირება, მაშინ მოდი შეღავათშიც გააკეთე დიფერენცირება”-ამბობს კომპანია "საქკაბელის" მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე.
მამალაძე იმასაც ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობას ბიზნესთან კონსულატაციები არ გაუვლია. მისივე თქმით, კონსულტაციები არ ყოფილა არც ბიზნესომბუდსმენთან.
“როდესაც მთავრობა რაღაც ეკონომიკურ სიახლეს აანონსებს, ალბათ უპრიანი იქნება ცოტა უფრო მეტი ვადა მიეცეთ კომპანიებს იმისთვის, რომ გაეცნონ ან ზოგადად იმსჯელონ მაინც. მე მქონდა ბიზნესომბუდსმენთანაც საუბრი, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმის კურსში.
მან უნდა გააცნოს ბიზნესს, რომ რაღაც ახალი იგეგმება და მოდი ვიმსჯელოთ ამის შესახებ. არანაირი წინასწარი შეთანხმება ან მსჯელობა არ ყოფილა მასთან”-აცხადებს კომპანია “საქკაბელის” მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე.
BMG