„პანდემია რა თქმა უნდა როგორც ყველა კომპანიაზე, ჩვენზეც აისახა, ეს ძირთადად იმაში გამოიხატება, რომ შესაძენი ნედლეულის ფასი გაიზარდა, ჩვენ კი დასამუშავებელი ნედლეული უცხოეთიდან შემოგვაქვს. გარდა ამისა, ჩვენზე ლარის კურსის ცვლილებაც ძალიან ცუდად აისახა, რადგან პროდუქცია რომელიც უცხოეთიდან შემოგვაქვს 10-20%-ით ისედაც გაძვირდა, ამას ემატება ჩვენი ლარის კურსის ცვლილებაც და ეს უკვე ჯამში ნედლეულის ღირებულების 30-40% -ით ზრდას იწვევს. ბოლო დღეებში ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზარდა, თუმცა მთავრობა ამის სუბსიდირებას ახდენს და ამ მხრივ პრობლემა ჯერჯერობით არ გვაქვს. გარდა ამისა, პრობლემები და ხარჯი თანამშრომლების ტრანსპორტირების მხრივაც გვაქვს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ახალი თევზის“, ბრენდის „უმალის“ დირექტორმა ირაკლი გაბუნიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, „უმალი“ გაკვეულ პრობლემებს პროდუქტის რეალიზაციის კუთხითაც აწყდება, რადგან მათ მიერ პროდუქტების სარეალიზაციო კომპანიები, მაღაზიები, მოლები და სხვა, პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვებით მუშაობენ.
„მათაც ძალიან უჭირთ რეალიზებული პროდუქციის ჩვენთვის ანაზღაურება, ნაკლები დატვირთვით მუშაობენ. ასე ერთმანეთთან გადაჯაჭვული პრობლემები გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი გაბუნიამ.
ირაკლი გაბუნიას განმარტებით, სამომავლოდ ბევრი პროექტი და სიახლე აქვთ დაგეგმილი, ერთ-ერთი ასეთია საქონლისა და ღორის ხორცის გადამუშავება და ახალი პროდუქტების წარმოება, თუმცა, პანდემიამ ეს პროექტები დროებით შეაფერხა.
„ძალიან ბევრი ამბიციური გეგმა გვაქვს, მაგრამ პანდემიის გამო დროებით შევჩერდით, რადგან ასეთ პირობებში, როცა ხალხის მსყიდველუნარიანობა დაბალია, ახალი პროდუქტების დანერგვა რთულია. გვინდა ძეხვის, ტოლმის, ხინკალის წარმოებაც, გვექნება გაუმჯობესებული პროდუქტები და ნედლეული. მოგეხსენებათ ბიზნესი, ყოველთვის მოითხოვს განვითარებას, უბრალოდ პანდემიის გამო დაძვრა გვიჭირს.
ჩვენ რაც არ უნდა კარგი პროდუქტი ვაწარმოოთ, თუ მომხმარებელმაც არ შეიძინა და არ დააგემოვნა, როგორ გავიგებთ როგორია მისი მსყიდველობითი უნარი, ამიტომ ჯერ თავს ვიკავებთ და არც გვაქვს პრომო აქციების, დეგუსტაციების მოწყობის და ადამიანების ერთად შეკრების უფლება, მიზანშეწონილიც არ არის“, - აღნიშნა ირაკლი გაბუნიამ.
გაბუნიას განმატებით, მიუხედავად სირთულეებისა და 2020 წლიდან მოყოლებული შეზღუდვებისა, „უმალმა“ მოახერხა და თანამშრომლების სრულად შენარჩუნა.
კომპანია „უმალი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
თაკო კვაჭანტირაძე