“თუ სახელმწიფო ბიზნესს ხელს უწყობს,  ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება“

“თუ სახელმწიფო ბიზნესს ხელს უწყობს, ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება“

access_time2019-02-07 11:00:07

ბიზნესი უსაფრთხოების შესახებ კანონის აღსრულებაში პრობლემებს ხედავს. საუბარია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე, რომლის დაქირავებაც გარკვეული სექტორისთვის მიმდინარე წლის იანვრიდან სავალდებულო გახდა. წლის მეორე ნახევრიდან კი სპეციალისტის აყვანის ვალდებულება თითქმის ყველა სფეროზე გავრცელდება.

ბიზნესს კითხვები აქვს კანონის მე-2 თავის მეშვიდე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებთან დაკავშირებით, კერძოდ:

5. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომლებიც დასტურდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობით).

6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. ამ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

როგორც სამშენებლო კომპანიაბაუ სტარის“ დამფუძნებელი მალხაზ სოლომონიშვილი გვიყვება, ამ კანონის აღსრულებას ბიზნესი ვერ შეძლებს. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში 300 ათასზე მეტმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ეს კანონი, თავად უსაფრთხოების სპეცილისტი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-იც არ არის.  

„კომერსანტის“ საშუალებით პირდაპირ მინდა ვკითხო შესაბამის უწყებას, როგორ უნდა მოახერხოს ბიზნესმა სექტემბრამდე ამდენი ათასი ადამიანის გადამზადება და ამ პრობლემის მოგვარება?! ძალიან საინტერესოა მათი პასუხი. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით და ამით უამრავი ბიზნესი უდიდეს ზარალს ნახავს. თანაც საქმეს ისიც ართულებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტზე პირდაპირი დაჯარიმება მოხდება თუ გაფრთხილება. ჩვენი ინფორმაციით, ჯარიმებზეა საუბარი და თუ გონივრული ვადები არ გვექნება, როგორ მოვახერხოთ ამდენი ადამიანის გადამზადება?“ - განმარტავს მალხაზ სოლომონიშვილი.

მალხაზ სოლომონიშვილი ის გამონაკლისია, რომელმაც მსგავს გაურკვეველ ვითარებაში საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობაზე ზრუნვა წინასწარ დაიწყო. მან დააფუძნა სკოლა „ბაუ სეიფთი“, სადაც უკვე რამდენიმე თვეა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს. სასწავლო ცენტრში დასატრეინინგებლად კადრები სხვა კომპანიებიდანაც გამოგზავნეს, თუმცა, სოლომონიშვილის მტკიცებით,  წლის გამავლობაში საკმარისი რაოდენობის სპეციალისტის გადამზადებას ცენტრი მაინც ვერ შეძლებს.


„დიახ, დავაფუძნე სკოლა და თავის დროზე მოვიპოვეთ შესაბამისი ლიცენზიაც. ერთი სპეციალისტის გადამზადება კომპანიას დაახლოებით 1000-1500 ლარი უჯდება, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ ძვირია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ სკოლა არაა იმ მასშტაბის, ათასობით ადამიანის სწავლება რომ შეძლოს. თანაც, როგორც ვიცი, საქართველოში ჩვენი მსგავსი სკოლა სულ რამდენიმეა და ჯამში ყველა ერთად ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ სექტემბრამდე ამ პრობლემის მოგვარებას. ამიტომ თუ სახელმწიფო ბიზნესს ხელს უწყობს,  ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს ეს საკითხი და თავადაც გახსნას სასწავლო ცენტრები,“ - ამბობს ბიზნესმენი.

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, „ბაუ სეიფთის“  მსგავსად, ჯამში დაახლოებით 7 ორგანიზაცია ოპერირებს. თითოეულ მათგანზე შესაბამისი ლიცენზია მაკონტროლებელმა ორგანოებმა გასცეს. „შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა გელაშვილი სკოლის მუშაობის სპეციფიკაზე საუბრობს და, მალხაზ სოლომინიშვილის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ სექტემბრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა.

„მე ყველაფერს ციფრებში აგიხსნით, რომ ადვილად მისახვედრი იყოს, რამდენად შეუძლებელია დღევანდელ მოცემულობაში ამ პრობლემის მოგვარება. საქართველოში დაახლოებით 300 500 კომპანიაა დარეგისტრირებული. ჩვენი სკოლა წელიწადში თითქმის 1500 ადამიანს ატრენინგებს და საშუალოდ ასეა სხვა სკოლებშიც. არსებობს განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტებული სასწავლებლებიც, თუმცა რაოდენობა იქაც პრობლემაა.  ესე იგი, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ სექტემბრიდან უამრავი ბიზნესი არ დაჯარიმდეს და არ დაზარალდეს,“ - განმარტავს ზურა გელაშვილი.

როგორ უნდა მოახერხოს ბიზნესმა სექტემბრამდე ამდენი ათასი ადამიანის გადამზადება და ამ პრობლემის მოგვარება?! - ბიზნესმენ მალხაზ სოლომონიშვილის ამ შეკითხვას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ უპასუხა:

„დიახ, აქამდე იყო 7 სასწავლო ცენტრი, რომელიც ამზადებდა შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს, თუმცა ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის გამო, სულ მალე კიდევ 5 აკრედიტირებული ცენტრი დაემატება ამ რაოდენობას. ამას გარდა, ჩვენ განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ პროგრამებსაც ვაღიარებთ და როგორც ვიცი, რამდენიმე სასწავლებელში შესაბამისი სწავლება უკვე დაწყებულია. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ კანონის მიხედვით დამსაქმებელს თუ არ ჰყავს ადეკვატური კვალიფიკაციის კადრი, შეუძლია მოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელი არ არის თითო კომპანიას თითო მენეჯერი ჰყავდეს. რეალურად ერთ სპეციალისტს შეუძლია რამდენიმე სექტორს მოემსახუროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, 2019 წლის სექტემბრამდე მოესწრება მენეჯერების გადამზადება და ბიზნესსი გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩავარდება“,- განმარტავს ბექა ფერაძე.


და მაინც,სექტემბრამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, რომ ბიზნესის თქმით ,რისკები მაინც არსებობს. ამიტომ, კერძო სექტორის მოსაზრებით, კანონის სრულად ამოქმედების პირველ ეტაპზე ჯარიმების ნაცვლად, ბევრად ანგარიშგასაწევი იქნებოდა გაფრთხილება. რას ფიქრობთ ამაზე?

 „ასე არაა. გააჩნია კანონის დარღვევის სიმძიმეს და სპეციფიკას, რის მიხედვითაც გვაქვს შემუშავებული რეაგირების ფორმები. მაგალითად, თუ უსაფრთხოების მენეჯერი რეგისტრაციის გარეშე  საქმიანობს, მაშინ დარღვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ექვემდებარება. ასევე,  რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, თუ კომპანია მაკონტროლებელ ორგანოს არ შეატყობინებს, ესეც ჯარიმას ექვემდებარება. ხოლო, თუ ადამიანის ჯანმრთელობას ეშლება ხელი, მაშინ საქმიანობის შეჩერება ხდება. სხვა ტიპის დარღვევისთვის, პირველ ეტაპზე არის გაფრთხილება, რომლის გამოსწორებისთვის გონივრული ვადებია დადგენილი. პირობითად, 1 თვის შემდეგ ჩვენ გადავამოწმებთ და, თუ დარღვევა გამოსწორებული არ არის, მაშინ ვაჯარიმებთ კომპანიას. ზოგადად ჯარიმები მერყეობს 10 ლარიდან 50 ათასი ლარი ჩათვლით,“ - აღნიშნავს ბექა ფერაძე.

შეგახსენებთ, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ამჟამად  სავალდებულოა დასაქმებული იყოს იმ სექტორში, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის ჩამონათვალშია. მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან კი ის ყველა იმ  სექტორს შეეხება, სადაც მცირედი დაზიანების ალბათობაც კი ფიქსირდება.


სალომე ლემონჯავა 





„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up