მთავრობის მეთაურმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ახალი ეკონომიკური ინიციატივები გააცნო. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის ოფისი გაიხსნება.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის დაფუძნებით, შესაძლებელი გახდება, რომ არა მხოლოდ ქართველმა რეზიდენტებმა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით, არამედ თბილისში შესაბამის სერვისს რეგიონში მომუშავე სხვადასხვა კომპანიები მიიღებენ, რაც მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმისთვის, რომ სწორედ საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი რეგიონისთვის.
„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია თუ როგორ აფასებენ აღნიშნულ თემას ბიზნესის წარმომადგენლები. აღმოჩნდა, რომ მსხვილი ბიზნესი საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის ოფისის გახსნას მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს.
„ავერსის“ დამფუძნებლის“ პაატა კურტანიძის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის დადებითის მომტანია, თუმცა კურტანიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენები ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედზე უნდა იყვნენ.
„ჩვენ ჩვენი შრომის იმედზე უნდა ვიყოთ და არა ვიღაცის. სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის ოფისის გახსნას ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებიც დაემატება და ეს ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს,“ - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
როგორც „კომერსანტს“ „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განუცხადა, ბევრი საქართველოზე ძლიერი ქვეყანა მსგავსი ორგანიზაციის არსებობით ვერ დაიკვეხნის.
„ფაქტობრივად გარკვეული ეტალონის ჩამოყალიბება მოხდება თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო და რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. არბიტრაჟის შემოსვლა ბიზნესში არსებული სასამართლო დავების მოგვარებას ხელს შეუწყობს, რადგან დავების განხილვა ევროპული მაგალითების მიხედვით მოხდება,“ - განმარტა ბოქოლიშვილმა.
„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს ქვეყანაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის ოფისის განთავსება დადებით ფაქტორად მიაჩნია, რადგან ეს ქვეყანაში წლების განმავლობაში მიმდინარე ბიზნეს დავების მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე