მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების განვითარება კახა კალაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. თუმცა მისი მერობიდან წელიწადნახევრის შემდეგ ქალაქში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა. თბილისის 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოცხადდა. მხოლოდ მესამე ჯერზე და ისიც მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გამოვლინდა გამარჯვებული, თუმცა ერთი კვირის წინ “კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ კომპანია „იქს 2“-მა ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაზე უარი თქვა - მიზეზი გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ჩადებულ ინვესტიციას 18 წელი ვერ ამოიღებს.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე განმარტავს, რომ პროექტის ჩავარდნის მიზეზი შეიძლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა იყოს, რომელიც სამომავლოდ თბილისში ავტომობილების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.
„დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ კონკრეტულ უბანში ძალიან ბევრი ავტომობილია. ბიზნესმენს თავისი გათვლა აქვს. მე თუ ამას ვუყურებ დღევანდელი მოცემულობით და თუ ტრანსპორტის სისტემა არ განვითარდა, მაშინ პროექტი მომგებიანი იქნება. თუმცა, ბიზნესმენი მოვლენების განვითარებას დაელოდება, რადგან შეიძლება მანქანების რაოდენობით, მიზიდულობის წერტილი აღარ იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. ანუ 10- წლიან გეგმაში ნაკლები კლიენტი ეყოლება. ეს განპირობებული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარებით. ამის მიუხედავად ჩვენ ვთვლით, რომ კომპანიას მოგება ექნება“, — განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მიუხედავად, იმისა, რომ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმატებული ურთიერთობა შედგა. თავადვე ამბობს იმასაც, რომ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობაზე არცერთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
„ჩვენი მხრიდან საკითხისადმი სისტემური მიდგომაა, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა? შეეძლოთ აეშენებინათ იმ ვადებში რაც თვითონ გვითხრეს, მაგრამ ბოლოს უკან დაიხიეს. ჩვენ მილიონები ხომ არ მოგვითხოვია? ერთ ლარად გადავეცით მიწა და ვუთხარით, რომ ეს ბიზნესი იქნება მათი, იმ ვადით რამდენ წელსაც თვითონ შემოგვთავაზებდნენ. საპარკინგე ადგილები ნაკლებად არის განვითარებული ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია. ძირითადად შეიძლება განიხილო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის გასასვლელები. ესეთი პარკინგები თბილისში უკვე შეიქმნა. მაგალითები, უზარმაზარი პარკინგია ისთ ფოინთთან, თბილისი მოლთან, სადაც ადგილები სულ არის. ასევე გალერეა თბილისთან შეიქმნა დიდი საპარკინგე სივრცე. ვაჟა ფშაველას ბოლოს შენდება სავაჭრო ცენტრი, სადაც 1000- მდე საპარკინგე ადგილია გათვალისწინებული. ჩვენ რომ ვთქვათ, საპარკინგე ადგილები არ გვაქვს არ ვიქნებით მართლები. ეს სივრცეები დედაქალაქში შექმნილია და, სხვათა შორის, ბიზნესი ამასაც უყურებს“,- განმარტავს მამუკა მუმლაძე.
კითხვაზე — უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა თბილისის მერიამ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების დაფინანსებაში — მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გვპასუხობს:
„დღეს ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ რა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით რესურსს ამოვწურავთ. თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტის განვითარების შემდეგაც, ისევ იმ რაოდენობის მანქანა დარჩა დედაქალაქში, თანხა მაშინ დაიხარჯება. დღეს თანხა დასახარჯი გვაქვს ავტობუსების ყიდვისთვის და სისტემის გამართვისთვის. 100 მლნ. ლარი მხოლოდ მეტროს მიმართულებით იხარჯება. ეს პრობლემები წინა წლებში რომ მოგვარებულიყო, რეალურად აქამდე არ მოვიდოდით. სწორი სტრატეგიაა ასაღები, ჯერ რაც პრიორიტეტულია ის უნდა მოვაწესრიგოთ. ბიზნესს ჩვენ ისიც შევთავაზეთ, რომ რასაც ააშენებს, იმ ფართის 20 პროცენტი კომერციულ ფართად გამოიყენოს. ბიზნესია, მათი რისკია და უნდა გათვალონ, პარკირებაზე ტარიფს რას დაადებენ ესეც მათი საქმეა. მარტივი ფული უნდათ და ცოტა წინ უნდა გაიხედონ. ჩვენ თუ გადავწყვიტეთ მიწისქვეშა ან მიწისზედა პარკირების მოწყობას, თანადაფინანსებაში საერთოდ არ შევალთ და ჩვენ ავაშენებთ“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
ბაჩო ადამია