გერმანული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად დასჭირდებათ.
უღურ შაჰინის თქმით, BioNTech-მა უნდა შეძლოს თავისი ვაქცინის „ომიკრონ“ ვარიანტზე შედარებით სწრაფად მორგება.
„ამ ვარიანტმა ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება დააინფიციროს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აცრილი ინფიცირებული ადამიანები კვლავ დაცულნი იქნებიან მძიმე დაავადებისგან“, - აღნიშნა BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უღურ შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის მუტაციები ვარაუდობს, რომ ყოველწლიური ვაქცინაცია შეიძლება ნორმა გახდეს, როგორც ეს სეზონური გრიპის შემთხვევაში ხდება, და რომ ახალი ვაქცინა იქნება საჭირო COVID-19-ის წინააღმდეგ, თუმცა ჯერ უცნობია როდის.
მანამდე ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო.
imedinews.ge