Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას - EQIMTAN.GE, რომელიც იქნება კლინიკებისა და პაციენტებისთვის. ესაა ახალი მიმართულება, რითაც Biletebi.ge შეძლებს საქმიანობა არ გააჩეროს და არსებული სიტუაციიდან გამოვიდეს. ახლა ერთადერთი რაც ფუნქციონირებს და აქტუალურია, ესაა მედიცინა და დაზღვევა. უკვე წელიწადია ამ პლატფორმაზე ვმუშაობთ და მის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. ერთ-ერთი პირველები ვართ ამ მიმართულებაში და ძნელია რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა, ხალხი უკვე ეჩვევა ონლაინ სერვისების გამოყენებას და ვფიქრობთ ესეც აქტუალური პლატფორმა იქნება. მომხმარებელს ექნება რამდენიმე ვარიანტი - ის ამოირჩევს კლინიკას, შედეგ ამოირჩევს განყოფილებას და შემდეგ მას შეუძლია ან კონსულტაციაზე ჩაეწეროს კლინიკაში და ამ პლატფორმით გადაიხადოს, ასევე მიიღოს მოკლე სატელეფონო კონსულტაცია. მესამე ვარიანტი კი იქნება სახლში გამოძახება,“- განმარტავს გიორგი ჩხიკვიშვილი.
რაც შეეხება Biletebi.ge-ს თავდაპირველ მიმართულებას, ამ მხრივ დამოკიდებული ვართ თეატრალური თუ კინოჩვენებების აღდგენის პერიოდზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონცერტებზე, რაც ჯერჯერობით ვერ მოხერდება.
Biletebi.ge-მ ახალი პლატფორმისთვის უკვე გააფორმა ხელშეკრულება ორ კლინიკასთან, ესენია ტატიშვილის სამედიცინო კლინიკა და ბალნეოლოგიური კლინიკა.
მარიამ მორგოშია