მონაცემების გაჟონვამ ნათლად დაადასტურა, რომ მხოლოდ 2017-2019 წლებში, კვიპროსმა პროგრამის „მოქალაქეობა ინვესტიციების სანაცვლოდ“ ფარგლებში ევროკავშირის პასპორტი 2 500 უცხოელს გასცა - მათ შორის ბევრ საეჭვო პირს, და გასამართლებულ დამნაშავეებსაც კი.
ამ პროგრამის ღირებულებაა 2 მლნ. ევრო - ამ თანხის სანაცვლოდ, კვიპროსის ხელისუფლება ნებისმიერ ადამიანს, ზედმეტი შეკითხვების გარეშე, თავისი ქვეყნის, შესაბამისად, ევროკავშირი მოქალაქეობას ანიჭებს.
ყატარის ტელეარხ Al Jazeera-ს ცნობით, მას მტკიცებულებები გააჩნია იმის თაობაზე, რომ პასპორტების 2500 მყიდველიდან 30-ის მიმართ ან გამოძიება მიმდინარეობდა, ან განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. ევროკავშირის პასპორტის წყალობით, მათ მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.
მათ შორის ერთ-ერთი - ვიეტნამელი ფან ნიუტ ფუ არის, რომელიც ქრთამის მიცემის გამო მსჯავრდებულია, და პასპორტის ყიდვის მომენტში ციხეში იჯდა. ეს მაშინ, როდესაც კვიპროსის კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღების უფლება არა აქვთ - თუნდაც 2 მლნ-იანი ინვესტიციის სანაცვლოდ.
რუსი ნიკოლაი გორნოვსკი კი რუსული „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, და ამ პოზიციაზე ყოფნისას მილიონები მიითვისა. ის რუსეთიდან გაიქცა და ევროპაში დაიმალა. ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა, მისი დაპატიმრების ორდერიც კი გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან 2 მლნ. ევროს სანაცვლოდ კვიპროსის მოქალაქეობა მაინც მიიღო.
კიდევ ერთი რუსი, იური ოდობოვსკია, რომელსაც რუსეთში სარკინიგზო გარიგების დროს ქრთამის აღებაში ბრალი ედება. გაქცევიდან 6 თვეში კვიპროსის პასპორტი ყოველგვარი პრობლემების გარეშე მიიღო.
„ოქროს პასპორტები“ 40% კვიპროსზე ძვირადღირებული სასახლეების ყიდვის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს. მათ შორის 3-მა 2 მლნ. ევროს ღირებულების პასპორტები ერთსა და იგივე დღეს - 2018 წლის 22 მაისს მიიღო. დაუჯერებელი დამთხვევაა, მაგრამ სამივე ევროკავშირის
სანქციების ქვეშ მყოფი რუსული „ვტბ-ბანკი“-ს მაღალი დონის ხელმძღვანელია.
ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ კვიპროსის მთავრობამ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებას შეისწავლის და შესაბამის ზომებსაც მიიღებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ თავისივე მიღებული კანონები თავადვე დაარღვია, კითხვის ქვეშაა რამდენად სერიოზულია ეს განცხადებები.