Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ლიდერებს თავიდანვე შეეძლოთ ბევრი რამ უკეთესად გაეკეთებინათ კორონავირუსთან ბრძოლაში.
„პანდემიასთან ბრძოლაში იმ საკითხების რაოდენობა, რაც რეტროსპექტივაში უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ძალიან დიდია. სამედიცინო საზოგადოებაც კი აცნობიერებს პირბადეების მნიშვნელობას. იცით, რამდენიმე თვე დაგვჭირდა საამისოდ იმის გათვალისწინებით, რომ რესპირატორული დაავადებების უმეტესობა ხველას უკავშირდება. ასე რომ, შევცდით. სათანადოდ ვერ შევაფასეთ პირბადეების მნიშვნელობა“, - განაცხადა ბილ გეითსმა.
Microsoft-ის დამაარსებელმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა გაიაზროს ის მოცემულობა, რომ პირბადის ტარებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ვეხმარებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge