Microsoft–ის დამფუძნებელი ბილი გეითსი Apple–სა და აშშ–ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის დავაში ამ უკანასკნელის მხარეს დადგა. მილიარდერი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უნდა ითანაშრომლონ სამართალდამცველ ორგანოებთან ტერორიზმთან ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს კალიფორნიის სასამართლომ ამერიკულ კორპორაცია Apple–ს დაავალა პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა სმარტფონ iPhone 5c–ზე იმგვარად, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს გამომძიებლებმა შეძლონ პაროლის მისადაგება სმარტფონისთვის, რომელიც ეკუთვნოდა ერთერთს იმ ორ ტერორისტს შორის, რომლებმაც 2015 წლის დეკემბერში სან–ბერნარდინოში 14 ადამიანი დახვრიტეს და 21 დაჭრეს.
Apple–მა სასამართლოს გადაწყვეტილება 26 თებერვლამდე უნდა აღასრულოს. თუმცა საპასუხო წერილში კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება Apple–ის კლიენტების უსაფრთხოებას რისკებს უქმნის.
გეითსი არ ეთანხმება კუკის ფორმულირებას, რომლის თანახმადაც აშშ–ის მთავრობა ითხოვს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შერყევას, რომლებიც კლიენტებს იცავს.
„ესაა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მთავრობა ითხოვს ინფორმაციასთან წვდომას. ამით მათ არ სურთ საერთო ტენდენციის შექმნა, ისინი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში ითხოვენ დათმობას,“ – განაცხადა გეითსმა Financial Times–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს თხოვნა არაფრით არ განსხვავდება სპეცსამსახურების ჩვეულებრივი მოთხოვნისგან, რომლებიც სატელეფონო კომპანიისგან ინფორმაციის მიღებას ან საბანკო დოკუმენტებზე წვდომის მოპოვებას გულისხმობს.
ბილ გეითსის პოზიცია განსხვავდება IT–ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელთა პოზიციისგან, მათ შორის ისეთი კომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც თავად დააარსა. Microsoft–ის გარდა, აღნიშნულ დავაში Apple–ის მხარეს დადგნენ Facebook–ის, Twitter–ის და Google–ის წარმომადგენლები.