თუ ვაქცინაციის პროცესში არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, ჩვენი უკუსვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც ძალიან სამწუხაროა.
„საქართველოში ჯერჯერობით ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. სადაც არის ინფორმაციის ნაკლებობა, იქ სხვა ალტერნატიული ინფორმაცია ჩნდება. სხვათა შორის, NDI-ის გამოკითხვა ჩემთვის ძალიან საგულისხმოა. კითხვაზე, ვინ არ ენდობა ყველაზე მეტად ვაქცინას და საიდან იღებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანების ამბობს, რომ ინფორმაციას იღებს „ფეისბუქიდან“ და ტელევიზიიდან. ამავე დროს არ არსებობს აგრესიული კამპანია, რომ ეს ინფორმაცია სწორით ჩანაცვლდეს. ამავე კვლევაში მოსახლეობის 74% ამბობს, რომ ენდობიან ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინის გაკეთების შესახებ და როდესაც ჩემმა კოლეგებმა არ გაიკეთეს ვაქცინა, რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?!
თუ ჩვენ ვაქცინაციის პროცესში არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, ჩვენი უკუსვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ისრაელის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შემთხვევების რაოდენობა 90%-ით არის შემცირებული, 85%-ით არის შემცვირებული სიკვდილობა და 2020 წლის ივლისის მერე ყველაზე დაბალი ციფრები აქვთ ყოველდღიური ავადობის საშუალო 7 დღის მაჩვენებლით. ნებისმიერი ვაქცინის კვლევა ხანგრძლივად გრძელდება და ამ კომპანიებს კვლევის პროცესში დათქმული აქვთ, რომ 2 წელი უნდა დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში იკვლევდნენ. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ვაქცინას სარგებელი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე - ზიანი, რომ შევადაროთ დედამიწა ფორთოხალს, ასეთია კოვიდისა და ვაქცინის სარგებლისა და რისკის ერთმანეთთან დამოკიდებულება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
imedinews.ge