„გულწრფელად უნდა გითხრათ, არ მეგონა, ასეთი აქტივობა თუ იქნებოდა. ცოტა მოულოდნელი იყო. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად რეალისტურად მიუდგა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. მას ვერ დავასაწყობებთ პანდემიის მესამე ტალღის შუაგულში, როცა მსოფლიოში ვაქცინას 20-ზე მეტი ქვეყანა ელოდება და ერთი დოზაც არ აქვთ გამოყენებული“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა რეგიონებში მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების გააქტიურების აუცილებლობაზე.
„მოსახლეობის მზაობის ნაწილში, ეს ძალიან სწორი პოზიციაა. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალურად წავა. რა თქმა უნდა, რეგიონების აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქ სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გაიზარდოს. ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი შემართება და მონდომება მართებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდის გარეშე, რაც იგეგმება, ვაქცინაციის პროგრამა წარმატებული ვერ გვექნება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება.
imedinews.ge