ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია. ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, რაც უფრო მეტი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება.
„საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია, მივდივართ იმ გზისკენ, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით ნაკლები გვეყოლება დაავადებულიც და გარდაცვლილიც. ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები რაც მივიღეთ, კარგია. თუ გვინდა, რომ მძიმე დაავადებების შემთხვევები და სიკვდილობა შემცირდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ასაკოვანი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 831 248 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 772 301, გარდაიცვალა 11 810 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge