ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ

access_time2019-09-18 16:30:40

ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.


პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ "განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი".


მისივე თქმით, ის 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი აშენდებოდა, 2020 წლის სექტემბერში კი "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ".


პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


"საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.


ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.


2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ. ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.


გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას.


ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში.



ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის - სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი.



ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.



განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.



აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.



ჩვენ ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში", - წერს ბიძინა ივანიშვილი.





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...


მსგავსი სიახლეები

up