ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის ირინა მილორავას განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ ქარის და მზის ენერგიის განვითარება არსებულ დეფიციტს ვერ აღმოფხვრის.
როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განაცხადა, ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და აუცილებელი ხდება ჰიდროენერგიის ათვისება.
“მგონია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ბევრჯერ უნდა მოვყვეთ, რას ვკარგავთ ჰესებზე უარის თქმით, ან რითი ვანაცვლებთ ჰესებს.
ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ მოსახლეობა, რომ მაგალითად ჰესებს ჩავანაცვლებთ ქარის და მზის ენერგიით. გეტყვით, ამ მიმართულებით რა პოტენცილი გვაქვს – 2020-2030 წლის განახლებული გეგმის მიხედვით 520 მეგავატია მზის ენერგია, ხოლო ქარის – 1330 მეგავატი. ჯამში 1850 მეგავატი. ეს არსებულ დეფიციტს ვერ აღმოფხვრის.
მაგალითად, წინა წელს გვქონდა 12% დამოკიდებულება იმპორტზე და შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის არ ჟღერს ტრაგიკულ რიცხვად. მაგრამ თუ შევხედავთ თვის ჭრილს, ვნახავთ რომ მაგალითად თებერვალში 25%-ზე მეტი იყო იმპორტდამოკიდებულება. ეს უკვე კატასტროფული მაჩვენებელია” – განაცხადა ირინა მილორავამ.