გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინის მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მიულოცა.
„გილოცავთ კიდევ ერთხელ, დღეიდან, თითოეული თქვენგანი ახალ ცხოვრებას იწყებს. სიმბოლურია, რომ დღეს დევნილ ოჯახებს ბინებს, გორში საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, სწორედ იმ ქალაქში გადავცემთ, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ომი 12 წლის წინ. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ტკივილი, რადგან ე.წ საზღვარი დღეს სწორედ ჩემს მშობლიურ სოფელზე გადის. მიუხედავად ამისა, დღეს საზეიმო დღე გვაქვს, 37 ოჯახი საკუთარი ბინის გასაღებს მიიღებს. 2013 წლიდან, ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. დღეიდან, უკვე თქვენც შეუერთდებით იმ 21 000-ზე მეტ ოჯახს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი გადაეცათ. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება, მანამდე კი, ახალ სახლებში ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი 21 655 დევნილ ოჯახს გადაეცა.