ბერლინის პოლიციამ COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია დაშალა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბერლინის პოლიციის განმარტება Twitter გვერდზე გავრცელდა.
ეს გადაწყვეტილება პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მსვლელობის მონაწილეებმა ვერ გაითვალისწინეს სამართალდამცველთა ბრძანება დისტანციის შენარჩუნებისა და ნიღბების ტარების შესახებ.
„სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. აქამდე მიღებულმა ყველა ღონისძიებამ პირობები ვერ დაიცვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციის პრესსპიკერის თქმით, პროტესტის მონაწილეები მშვიდობიანად იშლებიან, თუმცა პოლიცია გზების ბლოკირების შესახებაც იუწყებოდა.
ბერლინში ხელისუფლებამ ეს აქცია აკრძალა, თუმცა სასამართლომ ორგანიზატორებს COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო პროტესტის უფლება მისცა.
უსაფრთხოებას 3000 პოლიციელი იცავდა, რადგან სამართალდამცველები ვითარების დაძაბვას ელოდნენ. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ აქციას დაშლიდნენ, თუ ისინი წესრიგს არ დაიცავდნენ.
Imedinews