გერმანიის დედაქალაქი შესაძლოა, მალე გახდეს მსოფლიოში ერთადერთი ქალაქი, რომლის უდიდესი ზონა ავტომობილებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით პეტიცია Volksentscheid Berlin Autofrei ჩაშვებულია ხელმოწერისთვის ჯერ კიდევ 2020 წელს და უკვე დიდი ხანია მოაგროვა 50,000 ხელმოწერა, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ ის ბერლინის სენატმა განიხილოს. აღნიშნული უწყება ვალდებულია გადაწყვეტილება თებერვალში გამოიტანოს. თუ გადაწყვეტილება იქნება მხარდაჭერილი, ქალაქის შუაგულში გაჩნდება ზონა ავტომობილების გარეშე. საუბარია 88 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. (შედარებისთვის - ეს მთლიანი დიდი დიღმის სიდიდის ტერიტორიაა).
ამ ზონის საზღვრად განსაზღვრულია წრიული რკინიგზა ბერლინ-რინგბანი.
თუმცა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აკრძალვა არ შეეხება ყველას, იქ დაშვებული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები, ნაგავშემკრებები, ტაქსი და მიწოდების სერვისის ავტომობილები, ასევე შშმ პირთა ავტომობილები, რომელთაც სხვაგვარად გადაადგილება უჭირთ. გარდა ამისა, ბერლინელები შეძლებენ ქარშეარინგით სარგებლობას, თუმცა ისიც მხოლოდ წელიწადში 12-ჯერ.
ჯერ კიდევ 2014 წელს ბერლინის პარლამენტის დაკვეთით მომზადებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ამ ქალაქის 58%-ის ტრაფიკზე პასუხისმგებელი იყო ავტმობილები, მიუხედავად იმისა, რომ მოქალქეები მისით მხოლოდ მგზავრობის მესამედს ახორციელებდნენ. ამასთან, ველოსიპედისტებთან სიტუაცია კარდინალურად სხვაგვარია: მათზე მოდის მგზავრობის 15% და ტრაფიკის მხოლოდ 3%.
აქტივისტების თქმით, ინიციატივამ უნდა მოიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ქალაქში, ტერიტორიების გამოთავისუფლება საბავშვო მოედნებისთვის და სკვერებისთვის. ის ასევე უფრო უსაფრთხოს გახდის ბერლინელებში პოპულარული ველოსიპედით გადაადგილებას.
BPN.GE