ნამახვანის ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის და ამის მიუხედავად, სამუშაოები მიმდინარეობს - საქმე გვაქვს ან კორუფციასთან ან სახელმწიფოს უპასუხისმგებლობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ამ თემაზე პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაბარება მოითხოვა.
დეპუტატის ინფორმაციით, როცა ადგილზე გარემოს დაცვის ზედამხედველი ინსპექცია მიდის, სამუშაოები ჩერდება და მერე ისევ გრძელდება.
“როცა ნებართვა გაცემული არ არის, დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ პირობებში სამუშაოები შეიძლება მიმდინარეობდეს. თან ამ ჰესთან დაკავშირებით არის დიდი პრობლემები. პირველი პრობლემაა ის, რომ მთლიანად რეგიონი იტბორება და ყურძნის ის უნიკალური ჯიშები, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ და გინდათ ეკონომიკის საფუძველი ტურიზმზე დააფუძნოთ, ამის საფუძველიც გეცლებათ. იქ არის სხვა ტიპის ქანები, რამაც მთლიანად ქუთაისის დატბორვა შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის საფრთხე და ამის შესახებ ყველამ იცის. ასეთი პარადოქსული ვითარებაა - გარემოს დაცვის ზედამხედველი ინსპექცია მიდის, სამუშაოები ჩერდება და მერე ისევ გრძელდება ანუ სახელმწიფო თითქმის აღარ არის, ოფიციალური ორგანოების მითითებებსაც აღარ ემორჩილება კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე.
IPN.GE