საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, საქართველოში არა პოლიტიკური, არამედ „პარტიული კრიზისი არსებობს, რომელიც ოპოზიციას აზიანებს“. მან ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, „გონს მოეგონ“ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.
„ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი. თუ დავუკვირდებით, ამ თვალსაზრისით ეს კრიზისი პირველ რიგში ოპოზიციას აზიანებს, ამიტომ, სჯობს, რომ დროზე მოეგონ გონს, გადადგან ნაბიჯი, რომელიც წაადგება ქვეყანას, დემოკრატიულ განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში“,-განაცხადა დავითულიანმა.
მან აღნიშნა, რომ პარლამენტში იმ ოპოზიციური პარტიების შესვლის იმედი აქვს, რომლებიც „ზეწოლას გადალახავენ“.
„სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და „გირჩსაც“ პარლამენტში“,-აღნიშნა დავითულიანმა.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, ბექა დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის.
„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მოხარული ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციისთვის პარლამენტში შემოსვლასთან, ამ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე მსჯელობასთან დაკავშირებით. ეს მზაობა არაერთხელ განგვიცხადებია და ახლაც მზად ვართ“,-განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზოციის დიდი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს არ იზიარებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დრომდე არ იზიარებდა არც ერთი საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებას. დღეს ფაქტის წინაშე დგანან ისინი, ჩართული აქვთ თვითდესტრუქუციის რეჟიმი. პოლიტიკურ პროცესში რომ არ მონაწილეობენ, ეს მათთვის დამაზიანებელია. იმედი მაქვს, ეს მოცემულობა მათ აზრს შეაცვლევინებს“,-განაცხადა დავითულიანმა.
IPN.GE