დღეს ბელგიის სამეფოში COVID19-ის 3 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყებიდან აღრიცხულმა შემთხვევებმა 900 996-ს მიაღწია. საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ბოლო ორ კვირაში ახალი შემთხვევების 39% -იანი ზრდაა.
ყოველდღიურად საშუალოდ 263 ახალი პაციენტის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ვაქცინაციის დაწყებას მალევე მოჰყვა სიკვდილიანობის შემცირება, მაგრამ მესამე ტალღის დროს გარდაცვალების შემთხვევებმაც იმატა.
საკოორდინაციო საბჭოში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირიდან კლების ტენდენცია უნდა დაიწყოს. ამ დროისათვის ქვეყანაში COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 073 551 დოზაა ადმინისტრირებული, რაც ვაქცინის სავალდებულო 2 დოზის გათვალისწინებით მოსახლეობის მხოლოდ 9 %-ის აცრას ნიშნავს.
ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. დაკეტილია კაფე-ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სავარჯიშო დარბაზები, საკონცერტო დარბაზები და სილამაზის სალონები. მაღაზიებში მხოლოდ წინასწარ ჩაწერით და დროის დაჯავშნით არის შესვლა შესაძლებელი. ბელგიას მესამე ქვეყნებთან საზღვარი დაკეტილი აქვს. აკრძალულია არააუცილებელი მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. ადამიანის უფლებათა ლიგამ ვირუსის შემცირების მიზნით პარლამენტის გარეშე პრემიერის დონეზე გამოცემული დეკრეტი სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბელგიის სახელმწიფომ სასამართლოს უახლოეს 30 დღეში დაწესებული შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების წარსადგენად. ვადის გადაჭარბების შემთხვევაში, სასამართლო დააწესებს ჯარიმის სახით 5 000 ევროს, ვადების დარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 200 000 ევროს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge